ფეხბურთი

1:52 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნაბიჯი „ელ კლასიკოსკენ“

ფეხბურთის გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ელ კლასიკოს“ ხილვასთან ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილან. „ბარსელონამ“ გადამწვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვა, „რეალი“ კი, ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ, წყვილის ფავორიტია.

„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაში ბევრი რამ პირველივე მატჩში გაირკვა, როდესაც კატალონიელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. მიუნხენში გამართული დაპირისპირება მასპინძელთათვის კარგად დაიწყო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ცხადი იყო, რომ „რეკორდმაისტერი“ ფინალის საგზურისთვის ვერ იბრძოლებდა.

„ალიანც არენაზე“ გამართული მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ანგარიში კი მე-7 წუთზე გაიხსნა. ჩაბი ალონსომ კუთხური მოაწოდა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბენატიამ თავით ზუსტად დაარტყა. ამ გოლის შემდეგ, 2 მატჩის ჯამში „ბარსელონას“ სამბურთიანი უპირატესობა ორამდე შემცირდა.

ბოლო წლებში, „ბარსელონას“ ფეხბურთელები მე-2 სართულზე გამართული ორთაბრძოლების დროს ნამდვილად ვერ ბრწყინავდნენ. მიმდინარე სეზონში, სიტუაცია შეცვლილია. ბენატიას გოლი პირველია 2015 წელს, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდმა თავური დარტყმით გაუშვა. გარდა ამისა, მაროკოელმა ფეხბურთელმა კატალონიელთა მშრალი სერია შეწყვიტა. „ბარსას“ გოლი ბოლო 638 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული.

მიუნხენელთა სიხარულმა მცირე ხანს გასტანა. მე-15 წუთზე, მესის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა სუარესმა დარტყმას ნეიმარისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ხოლო ცარიელი კარის წინ დარჩენილმა ბრაზილიელმა ურუგვაელი თანაგუნდელის საჩუქარი შეირგო და ანგარიში გაათანაბრა.

ეს იყო „ბარსელონას“ ზედიზედ მე-7 თამაში, რომელშიც ნეიმარმა გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ლეო მესის, კატალონიურ გუნდში, ამაზე ხანგრძლივი სერია არასდროს ჰქონია.

ნეიმარის გოლის ნიშნავდა, რომ „ბაიერნს“, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, 4 უპასუხო ბურთის გატანა ჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“ დამშვიდების საფუძველი ჰქონდა, კატალონიელებმა კიდევ ერთი გოლი მაინც გაიტანეს.

29-ე წუთზე, კვლავ მესი-სუარესი-ნეიმარის კომბინაციის შემდეგ, ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა. ამ დარტყმის შემდეგ, ნეიმარს, მიმდინარე გათამაშებაში, 9 გოლი დაუგროვდა. ის კრიშტიანუ რონალდუსა და ლუის ადრიანოს გაუთანაბრდა. მათზე მეტი, 10 გოლი, მხოლოდ მესის აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი გუნდის ორმა ფეხბურთელმა, ერთ გათამაშებაში, 9 ან მეტი გოლი გაიტანა.

ნეიმარი მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავი ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში, 1/4-ფინალსა და 1/2-ფინალში გამართულ ოთხივე თამაშში გამოიჩინა. პირველად ეს ფერნანდო მორიენტესმა მოახერხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ცხადი იყო, რომ „ბარსელონა“ ფინალის საგზურს არ დათმობდა და შესვენების შემდეგ კატალონიელთა თამაში ძალზე უინტერესო გახდა. „ბაიერნმა“ ამით ისარგებლა და შეხვედრა მოიგო.

ანგარიში 59-ე წუთზე გათანაბრდა. საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა ლევანდოვსკიმ მასკერანო ადვილად მოატყუა და ისე დაარტყა, რომ მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე ტერ შტეგენს განძრევის საშუალებაც არ მისცა.

პოლონელი თავდამსხმელის გოლიდან 15 წუთში, თავი ტომას მიულერმაც გამოიჩინა. გერმანელმა შემტევმა, შვაინშტაიგერის მიერ ბურთის დაგორების შემდეგ, საჯარიმოს გარედან, ტერ შტეგენს მარცხენა კუთხეში ზუსტად დაურტყა. მიულერმა, „ბარსელონას“, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-4 გოლი გაუტანა. ის, ამ მაჩვენებლით, ბრაზილიელ ჟუნინიოს გაუთანაბრდა. კატალონიელთა კარში უფრო მეტი, 5 გოლი მხოლოდ ანდრეი შევჩენკოს გაუტანია.

მიულერის გოლიდან ერთ წუთში, მოედანზე ჩავი ერნანდესი შევიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 150 თამაში ჩაატარა. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ შედეგს, „იუვენტუსთან“ გასამართ ნახევარფინალურ მატჩში, იკერ კასილიასი გაიმეორებს.

შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, ბურთი, ძირითადად, „ბარსელონას“ ნახევარზე მოძრაობდა, მაგრამ მიუნხენელებმა მეტი გოლის გატანა და სიტუაციის დაძაბვა ვერ მოახერხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონა“ ევროტურნირის (ევროპის სუპერთასის გამოკლებით) ფინალში მეთვრამეტედ გავიდა, რაც ახალი რეკორდია. კატალონიელებმა მადრიდის „რეალს“ გაასწრეს.

ლუის ენრიკე „ბარსელონას“ მე-3 მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალში სადებიუტო სეზონში გაიყვანა. აქამდე ეს ენრიკე ორისაოლამ (1961 წელს) და პეპ გვარდიოლამ (2009 წელს) მოახერხეს.

ბაიერნი-ბარსელონა 3:2 (პირველი მატჩი 0:3)

მიუნხენი, “ალიანც არენა”

ბაიერნი (4-4-2): ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ლამი (როდე 68), შვაინშტაიგერი (მარტინესი 87), ალონსო, ტიაგო, მიულერი (გიოტცე 87), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიე 72), ინიესტა (ჩავი 75), მესი, სუარესი (პედრო 46), ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლები: 1:0 ბენატია (7), 1:1 ნეიმარი (15), 1:2 ნეიმარი (29), 2:2 ლევანდოვსკი (59), 3:2 მიულერი (74).

გაფრთხილებები: რაფინია 41, ტიაგო 45+2, ლევანდოვსკი 76, ალონსო 81, როდე 84 – რაკიტიჩი 64, პედრო 85.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 20 (8)-5 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-5, ჯარიმა: 19-12.

0.130132