ფეხბურთი

17:43 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” შარშანწინდელის იმედად

ბაიერნი-ბარსელონა (პირველი მატჩი 0:3)

ერთი კვირის წინათ “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, მიუნხენური გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია. პეპ გვარდიოლამ თავის ყოფილ გუნდთან არსებული 3-ბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას და ეს მაშინ, როდესაც “ბარსელონას” ვერავინ აჩერებს, “ბაიერნს” კი კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

მიუნხენურ გუნდს “ბარსელონასთან” დიდი სხვაობით მოგების გამოცდილება აქვს. 2 წლის წინათ, ამ გუნდებს შორის მიუნხენში ჩატარებული მატჩი 4:0 დასრულდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას შემდეგ “ბარსამ” ძალიან მოუმატა, “ბაიერნმა” კი, საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, აშკარად მოუკლო.

ამ გუნდებს ერთმანეთთან სულ 9-ჯერ უთამაშიათ. 5-ჯერ მიუნხენელებმა მოიგეს, 2-ჯერ კატალონიელებმა, ხოლო ორმა თამაშმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გერმანიაში გამართული 4 დაპირისპირებიდან ორში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.

“ბაიერნს”, ესპანეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 48 შეხვედრაში 22 მოგება, 12 ფრე და 14 წაგება დაუგროვდა. საკუთარ კედლებში გამართული 22 თამაშიდან მიუნხენელებმა 15 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

“ბარსელონას” გერმანულ გუნდებთან 54-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 30 მოგება, 11 ფრე და 13 მარცხი აქვთ. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 23 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 9 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

“ბაიერნი” დღევანდელ მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება. მართალია, მიუნხენელებს გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ გვარდიოლას გუნდისთვის ზედიზედ 3 ოფიციალური თამაშის წაგება მაინც უცხოა. ცნობისთვის, კატალონიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა. ამას ისიც ემატება, რომ “ბაიერნი” გერმანიის თასიდანაც გამოვარდა.

“ბარსელონაში” საპირისპირო მდგომარეობაა. გასულ უქმეებზე მოგებით, ლუის ენრიკეს გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა. კატალონიელები ქვეყნის თასის ფინალშიც არიან გასულები.

შეხვედრას ინგლისელი მარკ კლატენბურგი განსჯის, რომელიც ორივე გუნდისთვის იღბლიანი არბიტრია. “ბაიერნმა”, კლატენბურგის მონაწილეობით გამართული ორივე შეხვედრა ადვილად მოიგო. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მიუნხენელებმა “ბაზელი” 7:0 დაამარცხეს. ერთი წლის შემდეგ, იმავე ტურნირის 1/4-ფინალში, “რეკორდმაისტერმა”, საკუთარ კედლებში, “იუვენტუსს” 2:0 სძლია. “ბარსელონას” მატჩში კლატენბურგი მეორედ იმსაჯებს. პირველად ეს მიმდინარე გათამაშების 1/4-ფინალში მოხდა, როდესაც კატალონიელებმა პსჟ 3:1 დაამარცხეს.

“ბაიერნი” “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობის წევრების, არიენ რობენის, ფრანკ რიბერისა და დავიდ ალაბას, ასევე ჰოლგერ ბადშტუბერისა და სებასტიან როდეს გარეშე დაუხვდება. კატალონიური გუნდი კი მიუნხენს სრული შემადგენლობით ეწვია.

  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიის გათვალისწინებით, ფლეი ოფის პირველი თამაშის ანგარიშით 3:0 მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის 100%-იან გარანტიას იძლევა;
  • “ბაიერნმა”, ბოლო 5 შემთხვევიდან, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალამდე აღწევად, ფინალში გასვლა 4-ჯერ მოახერხა;
  • “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალიდან ზედიზედ 2-ჯერ არასდროს გამოვარდნილა;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 3 ნახევარფინალური თამაში მშრალად წააგო და სამივე ესპანურ გუნდთან;
  • “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის მიუნხენში გამართული ბოლო დაპირისპირება მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ამ ანგარიშის დღეს გამეორება “რეკორდმაისტერს” ხელს აძლევს;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 5 საშინაო თამაში მოიგო;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში ესპანურ გუნდებთან გამართული 7 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 5 მოიგო;
  • “ბაიერნს”, ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ 16 ორრაუნდიან დაპირისპირებაში 9 მოგება და 7 წაგება აქვს;
  • ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში, მეტოქის მოედანზე წაგების შემდეგ, “ბაიერნმა”, 21 მცდელობიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლა 10-ჯერ მოახერხა. პირველი თამაშის 3 ან მეტი ბურთით წაგების შემდეგ მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულან;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 4 გასვლითი თამაში მოიგო;
  • “ბარსელონამ”, ევროტურნირის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში, აქამდე, 39-ჯერ მოიგო. კატალონიელები მომდევნო ეტაპზე 37-ჯერ გავიდნენ. ესპანელებს 3-ბურთიანი უპირატესობა არასდროს გაუნიავებიათ;
  • “ბარსელონამ”, გერმანულ გუნდებთან გამართული 18 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 13 მოიგო;
  • “ბაიერნს”, ოფიციალურ მატჩებში, გოლი უკვე 361 წუთია არ გაუტანია, რაც, ბოლო 17 წლის განმავლობაში, ამ გუნდისთვის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • თუ დღეს ჩავი ერნანდეს ითამაშებს, ის პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩს ჩაატარებს;
  • “ბარსელონამ” ბოლო 42 ოფიციალური თამაშიდან 38 მოიგო. კატალონიელებმა ბოლო შვიდ მატჩში მშრალად იმარჯვეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
  • ნეიმარმა გოლი “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, ლამი, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, მარტინესი, ალონსო, ტიაგო, მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

0.2227