ფეხბურთი

19:50 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ივან სამორანო: “რეალს” ყურადღებით ყოფნა მართებს”

ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს” ლეგენდარული ჩილელი ფეხბურთელი ივან სამორანო ესაუბრა. სამხრეთამერიკელ ფორვარდს თავის დროზე მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში ოთხი სეზონი გაუტარებია და 173 ჩატარებულ მატჩში მან 101 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, ჩილელს კარიერის გამორჩეული წლები აპენინის ნახევარკუნძულზე დაუყვია.

“ტუტოსპორტი” სამორანოს “იუვენტუსი” – “რეალის” თამაშის ირგვლივ გაესაუბრა.

- როგორი თამაში იქნება დღეს საღამოს?

- რთული, მაგრამ მხოლოდ “იუვენტუსისთვის” არა. ორივე გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, ორივე გუნდი თავიანთ ჩემპიონატებში წარმატებით თამაშობს, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშის შედეგს “იუვესთვის” უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა განმეორებით მატჩში გადაწყდება.

- ნახევარფინალს “იუვენტუსი” აუტსაიდერის როლში იწყებს?

- არა, აბსოლუტურად არა. მე ვფიქრობ, შანსი თანაბარია. ლიგის ამ ეტაპზე აუტსაიდერი არ არსებობს. “იუვენტუსი” ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელსაც “რეალთან”, “ბარსელონასთან” და “ბაიერნთან” თამაში თანაბრად შეუძლია.

- “ბიანკონერიმ” ახლახან სკუდეტო მოიგო. მათთვის ეს მცირე უპირატესობაა?

- დიახ, რადგან ახლა მხოლოდ ამ თამაშზე იფიქრებს. “რეალს” კი ლა ლიგაში “ბარსელონასთან” ჭიდილში ენერგიის დახარჯვა ისევ მოუწევს.

- “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს – როგორ უნდა გააჩერონ პორტუგალიელი?

- კარგი იქნებოდა “იუვენტუსს” იგი მადრიდის აეროპორტში შეეჩერებინა... პორტუგალიელი დიდებულ ფორმაშია, “იუვეს” მცველებისთვის მასთან თამაში ურთულესი იქნება, ჩვენ ექსტრაკლასის მოთამაშეზე ვსაუბრობთ, მაგრამ “რეალსაც” ყურადღებით ყოფნა მართებს მეტოქე გუნდის ერთი ფეხბურთელის მიმართ..

- და ბოლოს, “იუვე” – “რეალი” შეიძლება იყოს თქვენი მეგობრის, არტურო ვიდალის თამაში?

- იმედია. ვფიქრობ, იგი “იუვესთვის” ყოველთვის 100%-ით იხარჯება. მაშინაც კი, როცა ფიზიკურ კონდიციებში არაა. ჩემპიონატის დასაწყისში მას პრობლემები ჰქონდა, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ ნელ-ნელა ძველი ფორმა დაიბრუნა. გაიტანა სკუდეტოს მომტანი გოლი, გამიხარდება თუ ნახევარფინალშიც გამარჯვების გოლს გაიტანს.

Loading...
სტატისტიკა
0.260861