ფეხბურთი

22:47 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყალი არაა, შუქი არაა, რა ფეხბურთის თამაშზეა ლაპარაკი...

ქართულ ფეხბურთს რომ დალხინებული ცხოვრება არ აქვს არახალი ამბავია, მიმდინარე სეზონში ელემენტარული პირობების არქონის გამო ჩემპიონატიდან უკვე მოიხსნა საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი".

ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც კიდევ ერთ ტრადიციულ ქართულ გუნდ რუსთავის "მეტალურგშია". 2007 და 2010 წლების საქართველოს უძლიერესი გუნდის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არავინ უწყის განაგრძობს თუ არა ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქში საფეხბურთო კლუბი არსებობას.

გუნდის შეჭირვებული მდგომარეობა უკვე თვეებია გრძელდება და მშველელი არსაიდან ჩანს. ფეხბურთის ფედერაციის მიერ წილებული 178 ათასი ლარი ფეხბურთელებისა და გუნდის შტაბის სახელფასო დავალიანებებში მთლიანად დაიხარჯა, სიტუაცია კი ისევ ისეთივე მძიმე და კრიტიკული დარჩა. მდგომარეობა იმ დონემდე მივიდა, რომ რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ელემენტარული პირობებიც აღარაა შექმნილი. სტადიონზე ელექტროენერგია დიდი ხანია უსახსრობის გამო არაა, შესაბამისად სხვა თუ არაფერი თამაშის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის ჩატარებაც ვერ ხერხდება. ამ ერთი შეხედვით სასაცილო მიზეზს (სატირალი რომ არ იყოს) კიდევ ერთი სავალალო რამ დაემატა. თამაშის ოქმის გამზადება და მედიისთვის მიწოდება ალბათ ყველაზე ადვილი რამ არის, მაგრამ რუსთავში უკვე ესეც ჭირს - იმავე ელექტროენერგიის არ ქონისა და პრინტერის გაუმართავი მდგომარეობის გამო, რაც ისევ უფულობით და უსახსრობითაა გამოწვეული, თამაშის წინ ოქმი უბრალოდ არ იყო (მხოლოდ ფურცელზე დაწერილი, თითქოს 21-ე საუკუნე არ იყოს), მაგრამ რუსთავის "მეტალურგისთვის" საუბედუროდ 21-ე საუკუნე მართლაც რომ არაა.

რუსთაველთა სავალალო მდგომარეობას კარგად ასახავდა "მეტალურგისა" და "დილას" მატჩის დასრულების შემდეგ პატარა რუსთაველი ქომაგის, ე.წ. ბურთის მომტანი ბიჭუნას გულსმოსახვედრი კომენტარი - "წყალი არაა, შუქი არაა, რა ფეხბურთის თამაშზეა ლაპარაკი", - ჩურჩულებდა თავისთვის პატარა, გულნატკენი, უკვე ფეხბურთის სიყვარულით გამსჭვალული ბავშვი. არადა, თუნდაც მისთვის, მისი მომავლისთვის ღირს, რომ "მეტალურგს" საშველი დაადგეს, ისეთი პირობები მაინც შეექმნას, თამაშის ჩატარება ცივილურ ფორმებში რომ შეძლოს. ვეჭვობ, ამ პატარა ბიჭს ასეთი რამეების შემხედვარეს ფეხბურთის თამაშის სურვილი ნელ-ნელა გაუქრება, რაც თითქოს ზღვაში წვეთია, მაგრამ საქართველოს დასაკარგი მომავალი თაობა არ ჰყავს...

ამბობენ გზა მაშინ გამოჩნდება, როცა ურემი გადაბრუნდებაო, მაგრამ "მეტალურგის" შემთხვევაში აქაც ალოგიკურობა ხდება - გზა არც ურემის გადაბრუნების შემდეგ გამოჩენილა, იმედია, მხოლოდ დროებით და მალე რუსთავში ფეხბურთი დიდ სიმაღლეს თუ არა ძველ დონეს მაინც დაუბრუნდება. უბრალოდ, რუსთავი ფეხბურთს იმსახურებს...

0.114429