ფეხბურთი

22:35 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" ჩემპიონობას უახლოვდება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ლიდერობას ინარჩუნებს გორის "დილა". შიდაქართლელებმა ამჯერად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ რუსთავის "მეტალურგს" მისსავე მოედანზე მშვიდად და დამაჯერებლად აჯობეს.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო და უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ რამე არც მთელი თამაშის განმავლობაში შეცვლილა. მასპინძლებს მწვავე შეტევის განსახორციელებლად კლასი და გამოცდილება არ ჰყოფნიდათ, ხოლო სტუმრები თამაშს ისედაც აკონტროლებდნენ. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა - მარჯვენა ფლანგიდან ხურცილავას ჩაწოდების შემდეგ რუსთაველი მცველები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და მიხეილ გორელიშვილის თავურზე მეკარე ნადირაძის ნახტომი დაგვიანებული და ამაო გამოდგა, - 0:1. პირველ ტაიმში იმავე გორელიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა 42-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ ივარგა. ამჯერად ნადირაძემ "დილას" შემტევს დუელი მოუგო. 59-წუთზე გატანას მასპინძელი ბეროშვილი შეეცადა, მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, სულ მალე გორელებმა ანგარიში გააორმაგეს - ლაშა გვალიამ ჭკვიანური პასით მეკარესთან ერთი-ერთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე დატოვა, გამოცდილ ფორვარდს კი გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში "დილა" თამაშს მთლიანად აკონტროლებდა, "მეტალურგი" კი მდგომარეობის შეცვლას ვერაფრით ახერხებდა. მე-80 წუთზე გატანა გიორგი სეთურიძემ სცადა, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მატჩის ბოლო სახიფათო მომენტი კი ვარლამ კილასონიას შეგირდებმა შექმნეს. 90-ე წუთზე გურამ მინდორაშვილმა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ გამოცდილმა ომარ მიგინეიშვილმა გატანა არ დაანება. საბოლოოდ, შეხვედრა "დილამ" 2:0 მოიგო და მდევრებთან შექმნილი უპირატესობა შეინარჩუნა. მომდევნო ტურში უჩა სოსიაშვილის გუნდი ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს, "მეტალურგი" კი "მერანს" მარტვილში ესტუმრება.

ვარლამ კილასონია ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი): "მთლიანობაში იცით ჩვენი მდგომარეობა. გორის "დილა" კი ლიდერი შემთხვევით არაა. მეორე გოლამდე კიდევ ვთამაშობდით და სათამაშო დისციპლინას ვიცავდით, თუმცა"დილამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ის სხვა სიმაღლეზეა, სხვა მოტივაცია აქვს. ჩვენს ბიჭებს კი სამწუხაროდ აღარაფერი დარჩათ, მათ მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს გუნდი ბოლო ტურამდე ბოლომდე იბრძოლებს, რომ როგორმე გადარჩეს"

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მთავარი მწვრთნელი): "დაძაბული მატჩი გამოვიდა, რადგან მთელი თამაში მომენტების ნაკლებობა იყო. პირველ ტაიმში კი ნახევარმომენტები იქმნებოდა. გოლიც სწორედ ასეთ დროს გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, უფრო აქტიურად დავიწყეთ, მომენტებიც უფრო შევქმენით და შესაბამისად, აქედან ერთი გოლის რეალიზება მოვახერხეთ. სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ. პირველ ადგილზე ვიმყოფებით, უშუალო კონკურენტებს სამი და ოთხი ქულით ვუსწრებთ და ეს ის უპირატესობა არაა, რომელიც მოდუნების საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ჩემპიონატის დამთავრებამდე საინტერესო და დაძაბული თამაშები გველოდება.

"მეტალურგი" - "დილა" 0:2 (0:1)

რუსთავი, "ფოლადი"

"მეტალურგი": ნადირაძე, მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი (მინდორაშვილი 46), ბეროშვილი, ზვიადაძე, ციცქიშვილი, ბროლაძე, შუშიაშვილი (ჯოხაძე 54), ბარაბაძე (გაბაშვილი 20)

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

"დილა": მიგინეიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, გვალია (რაზმაძე 77), გორელიშვილი, ერისთავი (სეთურიძე 72), მოდებაძე (თექთურმანიძე 89)

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 0:1 გორელიშვილი (25), 0:2 მოდებაძე (62)

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111114