ფეხბურთი

12:18 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირაძე და დვალი მოლდოვის თასის ფინალში

კიშინიოვის “დაჩია”, რომელშიც ქართველი ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი გამოდიან, მოლდოვის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშებს.

1/2-ფინალში “დაჩია” თავის მოედანზე “ტირასპოლს” შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მასპინძლებმა 6:5 გაიმარჯვეს.

სირაძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის მერე პენალტიც ზუსტად დაარტყა. დვალს კვლავ არ უთამაშია. ფინალში “დაჩია” ტირასპოლის “შერიფს” შეხვდება, რომლის გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია.

პოლონეთის ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) ბიალისტოკის “იაგიელონია”, რომლიც ღირსებას შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე და მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე იცავენ, მედლებისთვის იბრძოლებს.

პოლონეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 16 გუნდი ორ 8-გუნდიან ჯგუფად დაიყო და “იაგიელონია” პირველ 8 გუნდს შორისაა. 30-ე ტურში ბიალისტოკელებმა სახლში ხოჟუვის “რუხი” 2:0 დაამარცხეს.

ძალამიძე ტრავმირებულია და 18-კაციან განაცხადში ისევ არ იყო. ფოფხაძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ ამჯერად თადარიგშიც ვერ მოხვდა. “რუხის” რიგებში 68-ე წუთზე როლანდ გიგოლაევი გამოჩნდა, რომელიც საქართველოშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მის შეკრებაზე მიწვევას აპირებს, რადგან თავად გიგოლაევი “ჯვაროსნებში” თამაშზე თანახმაა. “იაგიელონიამ” პირველი ეტაპი 49 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.

უკრაინის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში დონეცკის “ოლიმპიკმა” კიევის “დინამოს” უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. დონეცკელებში უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ სრულად იასპარეზა.

ბიდგოშის “ზავიშამ”, სადაც ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი ირიცხება, სტუმრად ზაბჟეს “გურნიკთან” 1:2 წააგო. ალავერდაშვილი ბიდგოშელთა სამატჩო განაცხადში კვლავ არ იყო. “ზავიშა” 29 ქულით ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125813