ფეხბურთი

18:51 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” ისევ მოიგო, “დინამო” კვლავ ფინალშია

24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ მატჩში “ცხინვალმა” თბილისის “დინამოს” 4:1 აჯობა. ოთხ დღეში გუნდები იმავე სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე დაუპირისპირდნენ.

პირველი მატჩი “დინამოს” სახლში 2:0 მოეგო. “ცხინვალმა” არსებობის ისტორიაში თბილისელები ზედიზედ მეორედ დაამარცხა, მაგრამ ანგარიში ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. “დინამო” კი, ბოლო სამი წლის მანძილზე ფინალში მიჯრით მესამედ მოხვდა.

მატჩის დებიუტში ბაქარ ქარდავამ “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებთან ერთი მცველი ჩამოიცილა და სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს დავით მაისაშვილმა მცირე ხნით გონი დაკარგა. ორივე გუნდის ექიმების ჩარევის შემდეგ, რამდენიმე წუთში ცნობიერება დაუბრუნდა და თამაში გააგრძელა.

მატჩის 38-ე წუთზე, ლაშა თოთაძემ ბურთის მოგერიების დროს ცუდად ითამაშა, ამ დროს ლუბორ ჰრდლიჩკაც წინ დაუფიქრებლად გამოვიდა და გიორგი ივანიშვილს ისღა დარჩენოდა გოლი ცარიელ კარში გაეტანა – 1:0.

ანგარიშის გახსნიდან მალე თოთაძემ თავის საჯარიმოში ბურთი უხერხულად გააჩერა და ცხინვალელები მსაჯს მიუთითებდნენ, რომ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ხელით ითამაშა, მაგრამ გიორგი დოგრაშვილმა პენალტი არ დანიშნა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მცირე ხანში, ვარლამ კილასონიამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მარჯვენა “ცხრიანში” წასული ბურთი ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში, თორნიკე თარხნიშვილმა სტუმართა საჯარიმოში ბურთი ბიძინა მახარობლიძეს “შეაყოლა”, რომელმაც ცაციათი არაზუსტად დაარტყა.

“დინამომ” მატჩში პირველი სახიფათო მომენტი მე-60 წუთზე შექმნა, როდესაც კონტრშეტევის დროს ჯაბა ჯიღაურმა პასი არ დაუგვიანა ცხინვალელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულ საბა ლობჟანიძეს, რომელიც ერთ მეტოქეს გასცდა და შორეულ კუთხეში მცირედ უზუსტოდ დაარტყა.

ამის შემდეგ, თავად ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა სუსტად დაარტყა და ნადირაძე ბურთს დაეუფლა.

მეორე ტაიმის შუაწელში ივანიშვილი სტუმართა საჯარიმოში მცველს გვერდი კარგად აუარა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, ვერ გაიტანა.

თბილისელების მორიგი იერიშის დროს, მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ნადირაძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “დინამომ” კუთხური გაითამაშა და მარცხნიდან ლობჟანიძემ ჩააწოდა მოწინააღმდეგის კარის შორეულ ძელთან, სადაც მყოფმა სტეფან ბუკორაცმა პასი გიორგი ჩირგაძეს გაუკეთა, მაგრამ თბილისელს კილასონიამ არ დაარტყმევინა.

ამას კიტეიშვილის შეტევა მოჰყვა და მცველის მიერ მოგერიებული ბურთი პაპუნაშვილმა კარგი პოზიციიდან უზუსტოდ დაარტყა.

კახა გოგიჩაიშვილი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, რასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, “დინამო”-“სამტრედია” საინტერესო ფინალი იქნება. ფაქტია, რომ თამაშებს თავადვე ვაგებთ. ახლაც ასეთი სულელური გოლი მივიღეთ. საგოლე მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. წინა თამაშშიც ასე იყო”.

კახა კაჭარავა (“ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი): “ძნელი იყო ფინალში გასვლა, რადგან პირველ თამაშში 0:2 დავმარცხდით. მომენტებიც ჩვენც გვქონდა და “დინამოსაც”. “დინამომ” სწორი სათამაშო ტაქტიკა აირჩია და ფინალში დამსახურებულად გავიდა. ბოლოს გავრისკეთ. ოთხ დღეში “დინამოსთან” ზედიზედ ორი თამაშის ჩატარება რთულია”.

ცხინვალი – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)

28 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

ცხინვალი: ნადირაძე (კ), ლექვთაძე (ცაცკრიალაშვილი, 79), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, ვარლამ კილასონია (კაჭკაჭიშვილი, 89), ივანიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ნიკა კაჭარავა (შინდაგორიძე, 73).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, მანუელი (ჩირგაძე, 62), ჯიღაური (კიტეიშვილი, 73), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი, 90).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.

გოლები: 1:0 ივანიშვილი (38).

გაფრთხილება: შერგელაშვილი (13), კაჭარავა (26), რენე ფერეირა (26), ჰრდლიჩკა (90+3).

მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი.

0.126829