სუპერლიგის მონაწილე “ოლიმპის” უკანახაზელი ნოდარ გოგოძე, რომელიც კალათბურთში საერთშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე სტუ-ს ეხმარება, სტუდენტებთან ერთად მოსკოვში გამგზავრებას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” სტუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლევან ტყეშელაშვილმა განუცხადა.
18-22 აპრილს “ოლიმპი” შეკრებას ესტონეთში გაივლის, სადაც საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფისათვის მზადების მიზნით ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდებთან სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. გუნდთან ერთად იქნება გოგოძეც.
რაც შეეხება სტუ-ს, გუნდი 23-24 აპრილს საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალში იასპარეზებს, რომელსაც მოსკოვი (რუსეთი) უმასპინძლებს. რადგან “ოლიმპი” ესტონურ შეხვედრას 22 აპრილს ასრულებს, ხოლო ოთხთა ფინალი 23-ში იწყება, იყო თეორიული შანსი, რომ გოგოძეს რუსეთის ვიზის მიღების შემთხვევაში ოთხთა ფინალშიც მიეღო მონაწილეობა. ტყეშელაშვილის განცხადებით, როგორც სტუ-ს ისე “ოლიმპის” ხელმძღვანელობის დიდი მცდელობის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზების გამო გოგოძისთვის რუსეთის ვიზის გაკეთება ვერ მოხერხდა და სტუ ოთხთა ფინალში მის გარეშე იასპარეზებს.







