უეინ რუნისა და მისი ცოლის, კოლინ რუნის უცნაური და არასაჭირო ემოციებით სავსე ცხოვრება ვერც ასაკის მატებამ შეცვალა და ვერც შვილებმა. უეინი და კოლინი კვლავ გამუდმებულად კამათობენ და ამ ცოლ-ქმარს შორის კინკლაობები და დროებითი დაშორებები ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა.
შარშან უეინმა დიდად გამოიდო თავი და თავის ტკბილ-მწარე მეუღლეს ახალთახალი იახტა აჩუქა, რამაც უჟმური კოლინი აღაფრთოვანა და ამ აღფრთოვანებამ მას ინგლისელ ჟურნალისტებთან ათქმევინა ამ ქალისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ქმრის საქები სიტყვები.
ამ რამდენიმე დღის წინ კი, რუნების ოჯახში კვლავ აყალმაყალი იყო, რისი მიზეზიც, ბრიტანული ბულვარული მედიის ჭორები გახლდათ. ჭორების მიხედვით, უეინი მავან 20 წლის ლონდონელ მოცეკვავეს საიდუმლოდ ხვდება. კოლინი კიდევ ის ქალი არაა, რომელიც ასეთ ამბავს ადვილად მიიღებს და “მოინელებს”. ღალატი აბა ვის უყვარს და უხარია?...







