ფეხბურთი

1:59 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკი სასტარტოს დაუბრუნდა, "ფახთაქორში" მახარაძე არ ჩანს

პოლონეთის ექსტრაკლასში “ზავიშამ” სტუმრად 4:1 დაამარცხა “ბელხატოვი.” გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ გიორგი ალავერდაშვილი, “ბელხატოვის” განაცხადში კი არ იმყოფებოდა გიორგი სარჯველაძე. პოლონეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბელხატოვი” 30 ქულით მე-15 ადგილზეა, “ზავიშა”კი 26 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

ლიტვის ა ლიგის მე-8 ტურში “უტენისმა” გასვლით მატჩში 2:0 დაამარცხა “შიაულიაი.” მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა თამაზ ჩარგეიშვილმა. ლიტვის 10 გუნდიან ჩემპიონატში “შიაულიაი” 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლატვიის ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ პერტიას რიგის “სკონტომ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “მეტა.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლევან მახარაძემ სრულად ითამაშა. ლატვიის ათგუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “სკონტო” 4 ქულით მე-5 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “სპარტაკუსმა” სტუმრად 3:2 დაამარცხა “გიორ ეტო.” მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ქვილითაია. “სპარტაკუსის” განაცხადში მოხვდნენ ზურაბ არზიანი და დავით დარციმელია. არზიანი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, დარციმელია კი 84-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “გიორ ეტო” 29 ქულით მე-9 ადგილზეა, “სპარტაკუსი” კი 25 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში “ფახთაქორმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ქიზილქუმი.” გამარჯვებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა კახა მახარაძე, “ქიზილქუმის” შემადგენლობაში კი სრულად ითამაშა გიორგი კვესიეშვილმა. უზბეკეთის 16 გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ფახთაქორი” 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, “ქიზილქუმი” კი 4 ქულით მე-10 ადგილზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 27-ე ტურში “სახალინმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა სანკტ პეტერბურგის “დინამო.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გოჩა ხოჯავა, რომელიც 58-ე წუთზე კახელიშვილმა შეცვალა. რუსეთის პირველი დივიზიონის 18 გუნდიან ჩემპიონატში “სახალინი” 26 ქულით მე-15 ადგილზეა.

“ტუმენთან” გასვლით შეხვედრაში “ტოსნოს” სასტარტო შემადგენლობას გიორგი ნავალოვსკი დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 63-ე წუთზე კი შეცვალეს. გამარჯვება “ტოსნოს” ფეხბურთელებმა მოიპოვეს (2:1). ნავალოვსკის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გურამ თეთრაშვილი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა ნუკრი რევიშვილი, თუმცა არ უთამაშია. “ტოსნოს” განაცხადში არ იმყოფებოდა ოთარ მარცვალაძე. “ტოსნო” 50 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

“ვოლგამ” შინ 2:1 დაამარცხა “ლუჩ ენერგია.” მასპინძელთა განაცხადში მოხვდა მერაბ ურიდია, თუმცა მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. “ვოლგა” 34 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

“ანჟიმ” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ხიმიკი.” სტუმართა განაცხადში მყოფი გიორგი ჯიქია მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. “ხიმიკი” 21 ქულით მე-17 ადგილზეა.

“ბალტიკასა” და “სკა-ენერგიას” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “ბალტიკასა” განაცხადში არ იმყოფებოდა მეკარე გიორგი შელია. “სკა-ენერგიას” შემადგენლობაში სრულად ითამაშეს კახა ალადაშვილმა, გოგიტა გოგუამ და გუჯა რუხაიამ, 18 წლის ლაშა იმედაშვილი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. რუხაიამ მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ბალტიკა” 28 ქულით მე-13 ადგილზეა, “სკა-ენერგია” კი 26 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106597