ფეხბურთი

23:37 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონელთა მდგომარეობა ისევ გაურკვეველია

აღდგომის წინა დღეს ლანჩხუთში გამართულ 23-ე ტურის შეხვედრას ფოთის ,,კოლხეთსა” და ,,ზესტაფონს” შორის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირობითი მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში უშუალო მეტოქეს გადაუსწრებდნენ და გასავარდნ ზონასაც გვარიანად დაშორდებოდნენ. რაც შეეხებათ ზესტაფონლებს, მათი ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. გუნდი წინა ტურში რუსთავის ,,მეტალურგთან” გამარჯვების შემდეგ აღარ ვარჯიშობს და თბილისიდან მათი ლანჩხუთში გამგზავრება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საწვავის დახმარებით მოხერხდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. გიგაურის განივი გადაცემის შემდეგ გოგონაია ურტყამდა საჯარიმოს ხაზიდან. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ტაიმის მესამედის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი შეტევაში ჩართულ კილასონიას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა და კუპატაძე ბურთს იოლად დაეუფლა.

ამის შემდეგ ხუთი წუთის ინტერვალში გიგაური და გოგონაია ურტყამდა პრაქტიკულად ერთი და იგივე ადგილიდან, მაგრამ ორივე შემთხვევაში შემტევებს სიზუსტე დააკლდათ.

პირველი სერიოზული ხიფათი სტუმრებმა 27-ე წუთზე შექმნეს. ჯერემიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ ბერიძე საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმა განახორციელა, თუმცა კარის ძელს სანტიმეტრებში ააცილა.

მასპინძელთა საპასუხო შეტევა არანაკლებ სახიფათო გამოდგა. შენგელიამ მცველების არადამაჯერებელი ქმედებით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომ კილასონიას დაუგორა, რომლის გამიზნულ დარტყმას კუპატაძე ნახტომით მისწვდა და კუთხურზე მოიგერია. გიგაურის მოწოდებულ კუთხურზე სხვებზე მარჯვე გოგონაია გამოდგა, მაგრამ მაღალ ნახტომში მისი თავური დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ზღვისპირელთა მონდომებამ შედეგი 39-ე წუთზე გამოიღო. ძალიან კარგად ითამაშა გიგაურმა, რომელიც მოედნის ცენტრში თავის მეურვეს დაუსხლტდა და ზუსტი დიაგონალური გადაცემით შენგელია მეკარის პირისპირ გაიყვანა. ფოთელთა ნახევარმცველმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და მახვილი კუთხიდან შეუჩერებელი ძლიერი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია -1:0.

43-ე წუთზე კოლხებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ლემონჯავამ მარცხენა ფრთაზე გაილაღა. მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შევარდნილ ჯიქიასკენ მაღალი გადაცემა განახორციელა. მასპინძელთა ეული ფორვარდი ნახტომში მისწვდა ბურთს, თუმცა მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. უვარჯიშებელ და თბილისიდან მომქანცველი მგზავრობით დაღლილ ზესტაფონელ ფეხბურთელებს ძალა მხოლოდ პირველი ტაიმის სათამაშოდ ეყოთ. მართალია იმერელთა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა და თამაშში სამი ახალი ფეხბურთელი ჩართო, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხა.

ფეროელთა ინერტულობის ფონზე ზღვისპირელები აღმაფრენით ათამაშდნენ და ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გაიტანეს.

62-ე წუთზე მასპინძელთა მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ შენგელია საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მეკარემ აკრობატულ ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა დამატებაზე ჟიშკარიანმა იმარჯვა და კუპატაძე ამჯერად უსაქმოდ დატოვა - 2:0.

75-ე წუთზე ფოთელებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. მოედნის ცენტრში დაძრულმა გიგაურმა შეტევაში ჟიშკარიანი ჩართო, რომელმაც ზუსტი გადაცემით შენგელია მოძებნა. ამ უკანასკნელმა თანაგუნდელების წამოწყებული იერიში სანაქებოდ დაასრულა და ძლიერი დარტყმით ზესტაფონელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია - 3:0.

შეხვედრის უკანასკნელი გოლი 85-ე წუთზე გავიდა. გიგაურმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და მოჭრილი დარტყმა განახორციელა. კუპატაძე ნახტომში მისწვდა ბურთს და მოიგერია, თუმცა ხიფათი საბოლოოდ ვერ განმუხტა. ბურთს ჟიშკარიანი დაეუფლა და შეცვლაზე ცოტა ხნის წინ შესულ ამბროლაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა და გამოზომილი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ზაზა ინაშვილი (,,კოლხეთი”) – ,, ჩვენთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სახიფათო ზონას დავცილდით და ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა.”

გიორგი მიქაძე (,,ზესტაფონი”) – ,,წინა ტურის შემდეგ არ გვივარჯიშია. ჩვენი გამგზავრება მხოლოდ ამ დილით გადაწყდა. ხუთსაათნახევარი გზაში ვიყავით და ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, სანამ ძალა ეყოთ ითამაშეს, ხოლო მეორე ტაიმში უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ გაუძლეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სიტუაციის დასარეგულირებლად რამდენიმე დღე კიდევ ითხოვეს. ვნახოთ რა გამოვა.”

,,კოლხეთი’’ (ფოთი) – ,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) 4:0 (1:0)
11 აპრილი. 16.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 300 მაყურებელი.

"კოლხეთი”: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. შენგელია (ამბროლაძე 80), გოგონაია (კ), ჟიშკარიანი, გიგაური, კაკულია (ბარამიძე 80), შ. ჯიქია (ქორჩილავა 76);

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

"ზესტაფონი”: კუპატაძე, მთივლიშვილი (ჩიხრაძე 46), მჭედლიშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, რაჟამაშვილი (კვირკვია 46), ვასაძე, სიხარულია, ბერიძე, ჯერემია (სამუშია 59), ილურიძე (კ);

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

გოლები: 1:0 ლ. შენგელია (39), 2:0 ჟიშკარიანი (62), 3:0 ლ. შენგელია (75), 4:0 ამბროლაძე (85);

გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (49);

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109798