ფეხბურთი

0:57 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” ვეღარც თასზე აჩერებენ
7 ივნისს, რომში, "ლაციო" და "იუვენტუსი" იტალიის თასს გაითამაშებენ

ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ იტალიის თასის წლევანდელი გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. რომის “ლაციო” “ნაპოლის” ნეაპოლში აჯობა და 7 ივნისს, რომში, “ბებერ ქალბატონს” დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა, რომელიც რომში გაიმართა რაფაელ ბენიტესის გუნდისთვის სასურველი შედეგით, ფრედ 1:1 დასრულებულიყო და განმეორებითი თამაშის წინ ფავორიტად სწორედ ნეაპოლელები განიხილებოდნენ, მაგრამ...

ბოლო დროს ორთავე გუნდს რადიკალურად განსხვავებული დროება უდგათ. “ლაციო” გადასარევ ფორმაში იმყოფებოდა და სერია A-ში მიჯრით 7 მატჩი მოეგო. სამაგიეროდ, წარუმატებელი ხანა ედგა “ნაპოლის”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონას მკვეთრად და საგრძნობლად მოშორებულიყო. შესაბამისად მათთვის თასის ფინალში გასვლა ორმაგ დატვირთვას იღებდა.

მატჩი საბოლოოდ, კარგ ფორმაში მყოფმა დედაქალაქურმა “ლაციომ” მოიგო. ერთადერთი გოლი კი 79-ე წუთზე გავიდა. მიროსლავ კლოზეს დაწყებული შეტევა, ფელიპე ანდერსონმა დიდებულად განაგრძო და კარის გასწვრივ ბოსნიელი სენად ლულიჩი მონახა, რომელსაც ისღა დარჩენოდა ბურთი დაუცველ კარში მშვიდად გადაეგზავნა. შეხვედრაც რომაელებმა 1:0 მოიგეს იტალიის თასის ფინალში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, “იუვენტუსს” გაეჯიბრებიან.

რომის “ლაციომ” ბოლოს კოპა იტალიის გადამწყვეტ მატჩში 2013 წელს ითამაშა, როდესაც ფინალში თანაქალაქელ “რომას” სწორედ ლულიჩის გოლით ისტორიული თამაში მოუგო.

“ნაპოლი” – “ლაციო” 0:1 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; გარგანო (ინსინიე 85), ინლერი; გაბიადინი (კალეხონი 73), ჰამშიკი, მერტენსი (დე გუზმანი 68); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, ბრაიფიედი (კავანდა 83); კატალდი (მაური 55), ბილია, პაროლო; კანდრევა (ლულიჩი 67), კლოზე, ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 ლულიჩი (79)

გაფრთხილება: ალბიოლი (32), დე გუზმანი (85) – მაურისიო (48), ბერიშა (89), პაროლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 9 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115562