ფეხბურთი

0:59 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” მარტივი ფინალის საგზური

2014-2015 წლების სეზონის იტალიის თასის გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია. ტურინის “იუვენტუსმა” ფლორენციის “ფიორენტინას” მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით მოუგო და ახლა 7 ივნისს, რომში გასამართ ფინალურ დაპირისპირებაში “ლაციოსა” და “ნაპოლის” შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

“არტემიო ფრანკიზე” მატჩის წინ, მცირე უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, რადგან მათ ტურინში 2:1 მოეგოთ. “ბებერი ქალბატონის” მდგომარეობას წამყვანი მოთამაშეების - ანდრეა პირლოს, პოლ პოგბასა და კარლოს ტევესის არყოფნაც ართულებდა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეტოქეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სძლია.

ანგარიში 21-წუთზე ტურინელთა თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ გახსნა, რომელმაც ნეტოს კარი ახლო მანძილიდან აიღო. აღსანიშნავია, რომ “იუვეში” იანვარში დაბრუნებულმა მატრიმ პირველი გოლი გაიტანა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მატრი მთელი თამაში აქტიური იყო და პირველი გოლის გარდა, ლომის წილი მეორე გატანილ გოლშიც დაიდო. სწორედ მან დაიწყო 44-ე წუთზე საგოლე შეტევა, რომელიც ალვარო მორატამ ჩინებულად განაგრძო, თუმცა ნეტომ მას რთული ბურთი აუღო, დამატებაზე კი ყველას არგენტინელმა რობერტო პერეირამ დაასწრო და ცარიელ კარში გაიტანა. შესვენებაზე “ბიანკონერი” ხელსაყრელი ანგარიშით გავიდა.

მეორე 45 წუთიც პირველის ანალოგი გამოდგა. სტუმართა გუნდი თამაშს მთლიანად აკონტროლებდა და ეტყობოდა, რომ მომატება ნებისმიერ წამს შეეძლო. 58-ე წუთზე “იუვენტუსმა” ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. კლაუდიო მარკიზიომ კუთხური მოაწოდა, რომელსაც შეტევაში ჩართული ლეონარდო ბონუჩი გამოეხმაურა და ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ტურინულ გრანდს გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ერთადერთი, რაც ალეგრისთვის უსიამოვნო იყო, ეს ალვარო მორატას წითელი ბარათია, რომელიც ესპანელმა 88-ე წუთზე ალესანდრო დიამანტისთან უხეშობისთვის მიიღო და ახლა ფინალური მატჩის ყურება ტრიბუნებიდან მოუწევს.

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ ტურინელებმა “ნაპოლისთან” წააგეს (0:2), ხოლო თასი უკანასკნელად “იუვემ” შორეულ 1995 წელს მოიგო.

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი” 0:3 (0:2)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; სავიჩი, როდრიგესი (ტომოვიჩი 83), ბასანტა; ხოაკინი (დიამანტი 66), აკვილანი, მატი ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ალონსო; სალაჰი, გომესი (ბაბაქარი 72)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” (4-3-1-2): სტორარი; პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, სტურარო; პერეირა (ოგბონა 83); მორატა, მატრი (კომანი 75, ლორენტე 89)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მატრი (21), 0:2 პერეირა (44), 0:3 ბონუჩი (58)

გაფრთხილება: როდრიგესი (61), მატი ფერნანდესი (71) - სტურარო (31), კიელინი (40), მარკიზიო (61), ვიდალი (78)

გაძევება: მორატა (88)

სტატისტიკა – კარსიკენ დარტყმები: 12 (3) – 12 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:3 გაფრთხილება: 2:4 გაძევება: 0:1

მსაჯი: დავიდე მასა

0.149897