ფეხბურთი

23:48 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ჩიხურამ” ხუთეულში გადაინაცვლა 

“ჩიხურამ” მარტვილის “მერანს” ივანწმინდაში უმასპინძლა და დეკანოიძის და ივანიშვილის გოლებით 2-0 დაამარცხა. მატჩი კი საინტერესო გამოდგა და მაყურებელმა ორი გატანილი გოლის გარდა, რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც იხილა ორივე გუნდის კართან.

მერანელები დანაკლისით შეხვდნენ აღნიშნულ შეხვედრას. ისევ ტრავმირებულია და სავარაუდოდ უახლოეს შეხვედრებში შეურთდება გუნდს აკაკი წყაროზია, აკაკი შულაია კი წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გამო ვერ დაეხმარა თანაგუნდელებს. მასპინძლების მხრიდან კი სხვადასხვა მიზეზის გამო ექსმერანელი ლაშა კუჭუხიძე და გამოცდილი დავით ოდიკაძე ვერ ვიხილეთ მოედანზე.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და უშეღავათო ორთაბრძოლა თითქოს მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა სწრაფმა გოლმა სურათი შეცვალა. გოლი დეკანოიძის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძლების მხრიდან. დეკანოიძემ მარცხენა ფლანგზე კარგად გაართვა თავი მცველებთან ჭიდილს და საჯარიმოში ალექსანდრე ივანიშვილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძილიდან დაბალ კუთხეში გაუტანა მამალაძეს 1-0.

გაშვებული გოლის შემდეგ მარტვილელებმა პირველივე ტაიმში სცადეს ანგარიშის გათანაბრება. ჯერ ლაშა ჯღამაია დაემუქრა ქვილითაიას კარს საჯარიმოს მისადგომებიდან, შემდეგ კი კიკნაველიძის საჯარიმო დარტყმა მოიგერია საჩხერელთა კიპერმა. თუმცა ამ ეპიზოდამდე ჩიკვაიძის კარგი გადაცემის შედეგად ივანიშვილს შეეძლო დუბლი გაეფორმებინა, მაგრამ “ჩიხურას” 23 ნომერმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ასევე კარგი შანსი ჰქონდა ლევან გეგეჭკორს, მაგრამ არ მისმა დარტყმამ მიაღწია მიზანს.

ანგარიშიდან გამომდინარე, მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაში უფრო ლაღად დაიწყეს და შეტევაზე გადასულ “მერანს” რამდენიმე საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში განუხორციელეს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბესიკ დეკანოიძეს ხელსაყრელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი და ცოტა რომ გამართლებოდა ანგარიშსაც გაზრდიდა. საპასუხო იერიშის დროს კი ლევან გეგეჭკორმა კარგად ითამაშა ფლანგზე, დრიბლინგით სისწრაფეში აჯობა თავის მეურვეს და საჯარიმოშიც ჩააწოდა, მაგრამ ამ შეტევას საბოლოო დაგვირგვინება არ მოჰყოლია.

შეტევაში გადასულ, დაცვამოშიშვლებულ სტუმრებს 70-ე წუთზე მასპინძლების კონტრიერიში გამოეპარათ, მარტოდ დარჩენილმა მამალაძემ კარიდან გამოსვლა სცადა და გუნდის გადარჩენა, მაგრამ დასწრებაზე კარგად ითამაშა დეკანოიძემ და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

მეორე გოლმა, შეიძლება ითქვას, მერანელები გატეხა და მარტვილელები საბოლოოდ შეეგუენ ბედს. დარჩენილ დროში რეალური მომენტი ისევ “ჩიხურამ” შექმნა და გოლიც გარდაუვალი იყო, რომ არა “მერანის” კაპიტანი - ორბელაძემ ცარიელი კარიდან შეძლო ბურთის გამოტანა.

3 აპრილი. ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა” (საჩხერე) - მერანი” (მარტვილი) 2:0

ჩიხურა”: ქვილითაია, ჭელიძე, განუგრავა, მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი (ტროიანოვსკი, 84), ივანიშვილი (მანჯგალაძე, 65), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია (ლუბჩაკი).

მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე

მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ფონიავა, ჯღამაია (კუშნირი, 65), წურწუმია (ქიქავა, 18), გეგეჭკორი, ლომია, დ. ციცხვაია (ფიფია, 46), კიკნაველიძე.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

გოლები: ივანიშვილი (10), დეკანოიძე (71)

გაფრთხილება: კიკნაველიძე (53), მანჯგალაძე (84)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

0.123816