თბილისში, სპორტკომპლექს “არენა 1”-ში მიმდინარე საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირის პირველი ტური თბილისის სტუ-სა და კალინინგრადის ბფუ-ს (ბალტიის ფლოტის უნივერსიტეტი) მატჩით დასრულდა. შეხვედრამ სწრაფ ტემპში ჩაიარა და საინტერესო სანახავი გამოდგა. სტუმართა გუნდი, რომელიც 8 კალათბურთელისაგან შედგებოდა, ტანმორჩილი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მატჩი სწრაფ შეტევებზე ააგეს.
სტუმრებმა შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, მატჩის დასაწყისი კარგად ჩაატარეს და ერთ მომენტში 13 ქულითაც კი დაწინაურდნენ. მასპინძლებმა თამაში თანდათან დაალაგეს და შედეგიც მალე მიიღეს.
ტანმაღალი კალათბურთელების ბექა ბექაურის, გიორგი ჯგერენაიას, მსროლელ აკაკი ლომოურის და უკანახაზელ რეზო როგავას კარგი თამაშის წყალობით სტუ-მ პირველი ტაიმის დამთავრებამდე 2 წუთითა და 20 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის დარჩენილმა დრომ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და ფრედ 40:40 დასრულდა.
მესამე მეოთხედიც ასე გაგრძელდა. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. დროის ამ მონაკვეთში მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე და დიდი ანგარიშით 90:78 შეძლეს მისი დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები სტუ-ს უკანახაზელი როგავა და სტუმართა გუნდის წარმომადგენელი ალექსანდრე ვასენჩუკი იყვნენ, რომლებმაც 21-21 ქულა დააგროვეს.
სტუ-ს შემადგელობიდან ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ გიორგი ჯგერენაია (16 ქულა, 12 მოხსნა) და ბექა ბექაური (14 ქულა, 11 მოხსნა). სტუმართა მხრიდან ორმაგი დუბლი დიმიტრი შერმენასმა (17 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა.
დღესვე მოხდა ტურნირის საზეიმო გახსნა, სადაც მოცეკვავეთა ანსამბლი გამოვიდა და რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ მოსკოვისა და თბილისის გუნდები დაწინაურდნენ, რომლებმაც შესაბამისად ხარკოვისა და კალინინგრადის სტუდენტები დაამარცხეს.
“არენა 1”-ის ტრიბუნები ბოლომდე იყო გადაჭედილი და რამდენიმე ათეული გულშემატკივარი ფეხზე მდგომი ადევნებდა თვალს შეხვედრას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ხალხმრავლობა აღნიშნულ დარბაზს არ ახსოვს. რაღა თქმა უნდა, გულშემატკივართა შორის საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჭარბობდნენ.
სტუ – ბფუ 90:78
(19:25, 21:15, 20:19, 30:19)
მომდევნო ტურის შეხვედრათა განრიგი
1 აპრილი
13.30 მოსკოვის ფიზიკური კულტურის აკადემია – ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი
15.30 სტუ - ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი







