ფეხბურთი

12:35 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ და მაკარიძემ სრულად ითამაშეს, მარცვალაძე სათადარიგო იყო

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 25-ე ტურში, ტიხვინის “ტოსნომ” ტომსკის “ტომი” მიიღო და 0:1 წააგო. ფორვარდი ოთარ მარცვალაძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

მეკარე ნუკრი რევიშვილი და მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებში შეკრებაზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად ტიხვინელებს ვერ დაეხმარებოდნენ. რუსეთის მოქალაქე მცველმა გურამ თეთრაშვილმა მასპინძლებში ორი ტაიმი ჩაატარა. “ტოსნოს” უშუალო კონკურენტთან წაგების შემდეგ 49 ქულა დარჩა და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში, მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად იაროსლავლის “შინიკთან” 0:2 წააგო. საყრდენმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკელებში სრულად ითამაშა. კიდევ ერთმა შუახაზელმა გუჯა რუხაიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა მოედანზე ასევე 90 წუთი დაჰყო. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი ხაბაროვსკელთა 18-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. “სკა-ენერგია” 25 ქულით მეთხუთმეტეა.

“სახალინმა” ორენბურგის “გაზოვიკი” მიიღო და შეხვედრა 0:0 დასრულდა. მასპინძელთა შემტევი ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. “სახალინი” 22 ქულით მეთექვსმეტეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” თავის მოედანზე “ენისეი” 3:2 დაამარცხა. ფორვარდი მერაბ ურიდია მასპინძლებში შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. “ვოლგა” 34 ქულით მერვეა.

კალინინგრადის “ბალტიკამ” სამარას “კრილია სოვეტოვს” 3:2 მოუგო. მეკარე გიორგი შელიამ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ბალტიკას” 27 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

ძერჟინსკის “ხიმიკმა” გასვლაზე “სიბირთან” 1:1 ითამაშა. მცველი გიორგი ჯიქია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მან 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ხიმიკი” 21 ქულით მეჩვიდმეტეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 35-ე ტურში “ფეირენსემ” ლისაბონის “ატლეტიკოს” სტუმრად 3:1 აჯობა. მეკარე გიორგი მაკარიძემ სტუმრებში მორიგი მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში 25 წლის მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში მეთორმეტედ ითამაშა. “ფეირენსეს” 59 ქულა აქვს და 24 გუნდში მერვეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113437