მიმდინარე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “ოლიმპი” და “შსს აკადემია” დაუპირისპირდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ძალოვნები პირველ ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვიან, ხოლო “ოლიმპი” ცდილობს გასავარდნ ზონას თავი დააღწიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფავორიტად ეროვნული ნაკრების წევრებისა და წევრობის კანდიდატებით დაკომპლექტებული “შსს აკადემია” ითვლებოდა. პროგნოზების საპირისპიროდ “ოლიმპმა” მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მართალია უფრო ხშირად ძალოვნები ლიდერობდნენ, მაგრამ “ოლიმპი” ახერხებდა ანგარიშში სხვაობის შემცირებას და რამდენჯერმე წინ გასვლაც მოახერხა. ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ანგარიში 66:66 იყო. თითქმის აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ თამაში ოვერტაიმში უნდა გადასულიყო, მაგრამ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე “ოლიმპის” უკანახაზელმა კოკა ტომარაძემ თანაგუნდელებს გამარჯვება მოუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 69:66 “ოლიმპის” სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა “შსს აკადემიასა” და ეროვნული ნაკრების წევრმა, უკანახაზელმა გიორგი ცინცაძემ დააგროვა. “ოლიმპის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიან უკრაინელ დენის ნოსკოვის ანგარიშზე 15 ქულაა.
მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშის მოგება შეძლეს. მიმდინარე ჩემპიონატში თითქმის ყველა შეხვედრას კარგად ვიწყებდით, მაგრამ ბოლო წუთებში ვაგებდით. ამჯერად კი საპირისპიროდ მოხდა. იმედია ეს გამარჯვება ჩემი გუნდის წევრებს თვითდაჯერებას შემატებს”.
კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას. სულაც არ მინდა “ოლიმპის” გამარჯვებას ჩრდილი მივაყენო, მაგრამ დღევანდელი მატჩის შედეგში იღბალმა დიდი როლი ითამაშა. როგორც პირველი, ისე მეორე ტაიმის ბოლოს მეტოქემ ისეთი სამქულიანები ჩააგდო, რაც ძალიან იშვიათად ხდება. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული პირველი სამი და ბოლო მეოთხედი ჩაატარა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, შევიკრიბებით და გავაანალიზებთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ წარმატებას “ოლიმპს” და ვუსურვებ, რომ მომავალშიც ხშირად გაეხარებინოთ გულშემატკივრები”.







