საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერთა შორის მყოფი “სოხუმი” და “მგზავრები-არმია” დაუპირისპირდნენ. მთელი შეხვედრის განმავლობაში ზღვისპირელები ლიდერობდნენ, რომლებმაც საბოლოოდ 90:73 შეძლეს მეტოქის დამარცხება და დაგროვილი ქულებით “მგზავრები-არმიას” გაუთანაბრდნენ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა “სოხუმის” ამერიკელმა ლეგიონერმა პელე პეილეიმ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა პელეს თანაგუნდელი მძიმე ფორვარდი ბექა ბექაური, რომელმაც 19 ქულა და 16 მოხსნა გააკეთა. M”მგზავრები-არმიას” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანმა უკანახაზელმა მერაბ ბოქოლიშვილმა 17 ქულა მიითვალა.
მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “ვამაყობ, რომ ბუბა ბერიშვილი ჩემი ყოფილი მოწაფეა, რომლის სახითაც ქართველ მწვრთნელებს კარგი კადრი შეემატა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, სპონსორმა სრულად დაფარა გუნდის წინაშე არსებული დავალიანება და ეს ყველაფერი თამაშითაც გამოიხატა. როგორც ვარჯიშებზე ისე აღნიშნულ შეხვედრაში კალათბურთელებმა შემართებით ითამაშეს და შედეგიც მივიღეთ. ვეცდებით, რომ რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრებიც კარგად ჩავატაროთ”.
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრები-არმიას” მთავარი მწვრთნელი): “გუნდში რამდენიმე ტრავმირებული კალათბურთელი გვყავდა. ამის გამო ვარჯიშებს სრულად ვერ ვატარებდით, რადგან ბოლოს 7-8 კალათბურთელი დაგვრჩა. დღევანდელ შეხვედრაში საერთოდ ვერ მიიღეს მონაწილეობა ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ დღევანდელ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც შეგვიძლია. კალათბურთელების სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ ვეცდებით დღევანდელზე უკეთესი თამაში ვაჩვენოთ”.







