კალათბურთი

11:42 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ისტორიაში შევიდა (+VIDEO)
ქართველმა ცენტრმა გუნდს 22 ქულა, 21 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ნიუ იორკში “ბრუკლინთან” 127:129 დამარცხდა. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის მილუოკელთა ეს მარცხი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე ბურთი 18-ჯერ მოხსნა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 21-ე საუკუნის საუკეთესო მაჩვენებელია. ზაზას მსგავსად მეტოქის ფარზე 18 მოხსნა, დენის როდმანს და ჩარლს ოკლის აქვთ შესრულებული. აღნიშნულ კონპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი მოუზეს მელოუნმა დააფიქსირა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა 1979 წელს მეტოქის ფარზე ბურთი 19-ჯერ მოხსნა, ხოლო 1982 წლის 11 თებერვალს მელოუნმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი, მეტოქის ფარზე 21 მოხსნა დააფიქსირა.

ზაზა “ბრუკლინთან” მატჩში სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 40 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 22 ქულა, 21 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 16-დან 9 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ აღნიშნულ მატჩში პირადი რეკორდიც დაამყარა. ის ორ მაჩვენებელში 20 ნიშნულიან ზღვარზე ავიდა და გადააჭარბა კიდეც.

ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც მიმდინარე სეზონში მეცამეტედ მოახერხა, ხოლო სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე “მილუოკის” ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ 2-ქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ მოთავსდა, მატჩში 111:111 დაფიქსირდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ 10:10 დასრულდა. გამარჯვებული ვერც მეორე დამატებითმა 5-წუთეულმა გამოავლინა. მატჩის ბედი საბოლოოდ მესამე ოვერტაიმში გაირკვა, “ბრუკლინმა” “მილუოკი” 129:127 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116257