სხვა

22:56 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაქო – ევროპის გული

83 დღეც და ზოგადად სპორტული თვალსაწიერისთვის, უფრო კონკრეტულად კი ევროპული სპორტული სამყაროსთვის ისტორიული მოვლენა დაფიქსირდება. ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც აქამდე საკუთარი თამაშები არ ჰქონდა, სწორედ ევროპა იყო და ამიერიდან სპორტულ რუკაზე ისიც გაჩნდება.

12-28 ივნისს, მთელი ევროპა აზერბაიჯანის დედაქალაქისკენ იქნება ფოკუსირებული, რადგან აზიური, აფრიკული და პანამერიკული თამაშების მსგავსად, 54 ქვეყნის 6 ათასზე მეტი ათლეტიც იბრძოლებს ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

„ბაქო 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტს სათავეში თვით აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა უდგას და იმის ფიქრის საფუძველს, რომ აღნიშნული ფორუმი უმაღლეს დონეზე ჩატარდება, ეს გარემოებაც გვაძლევს.

როგორც წესი, მსგავსი დონის შეჯიბრებების მოსამზადებელ პერიოდს თან ახლავს ინსფექტირების პროცესიც, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აწარმოებენ. „თბილისი 2015"-ის ფარგლებში ეს ჩვენთვისაც ნაცნობი სურათია და ევროპელი კომისრები საქართველოს ჩვენს დედაქალაქსაც არაერთხელ წვევიან.

გამონაკლისი რა თქმა უნდა არც ბაქო ყოფილა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მათ ამ პროცესში ჟურნალისტებიც ჩართეს. სწორედ ამ ეგიდით და „ბაქო 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის (BEGOC) ინიციატივით, 15-17 მარტს მედია-სემინარი გაიმართა, სადაც ევროპის ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-ატაშე იყო მიწვეული.

„მედიის როლი, მათი აზრი თუ შენიშვნები ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ურთიერთობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ოლიმპიურ კომიტეტებთან სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ ზაფხულს, ბაქოში ევროპული თამაშების გასაშუქებლად 1000-მდე ჟურნალისტი ჩამოვა და მათ სპორტმენებთან პროფესიული კავშირი, სწორედ ეოკ-თა მედია-ოფიცრების მეშვეობით უნდა დაამყარონ. ამიტომაც გადავწყვიტეთ მედია-კონფერენციის მოწყობა და დეტალური ინფორმაციის მოწოდება, რაც თამაშების მსვლელობის პერიოდში უთუოდ დაგეხმარებათ" - აღნიშნეს სემინარზე BEGOC-ის ხელმძღვანელებმა.

კონფერენციამ სამ დღეს გასტანა და დამსწრეთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ საკითზე, რაც უშუალოდ დაკავშირებული იქნება ტელე- თუ მწერალი მედიის საქმიანობასთან, ტრანსპორტირებასთან, საცხოვრებელთან და ა.შ.

თამაშები, რომელიც სპორტის ოც სახეობაში გაიმართება, 17 დღეს გასტანს და მედლების 253 კომპლექტი გათამაშდება, ხოლო 12 სახეობაში „რიო-2016"-ის საკვალიფიკაციო ეტაპიც იქნება. „ბაქო 2015"-ს დღესდღეობით 16 ოფიციალური სპონსორი ჰყავს და მისი ტრანსლირება არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, არამედ ამერიკაში, კანადაში, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაშიც კი მოხდება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული არენები პრაქტიკულად დღესვე მზად არის თამაშების მისაღებად, ოლიმპიური სოფელი 13 მრავალსართულიანი შენობისგან და 1.042 აპარტამენტისგან შედგება.

საგულისხმოა, რომ სპეციალურად მედია-კონფერენციას დაამთხვიეს ოფიციალური კენჭისყრის ცერემონიალი პლიაჟის ფეხბურთში. A ჯგუფი აზერბაიჯანის, შვეიცარიის, პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებებმა შეადგინეს, ხოლო B ჯგუფში რუსეთის, ესპანეთის, იტალიისა და უნგრეთის გუნდები გადანაწილდნენ. აქვე დავძენთ, რომ „ბაქო 2015"-ზე, პლიაჟის ფეხბურთის ოფიციალური ელჩი, ახლო წარსულში გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელი კრისტიან კარამბე იქნება.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080549