19 მარტს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველომ” ურთიერთთანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივეს. მემორანდუმს ხელი კომპანიის ოფისში მოაწერეს, რომელშიც ვეტერანი კალათბურთელები მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზედენტი) და დავით გიორგობიანი (კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” დირექტორი) მონაწილეობდნენ. მხარეებმა ორიგინალური მემორანდუმები გაცვალეს, რომლებსაც სიმბოლურად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა ჰქონდა. მასზე გამოსახული იყო 8 ნომერი, რომელიც კალათბურთის ფედერაციასა და კომპანია “ჰიუნდაის” თანამშრომლობის 8-წლიან თანამშრომლობას გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ “ჰიუნდაი” ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. წლების განმავლობაში იგი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთ სტაბილურ პარტნიორად და აქტიურ მხარდამჭერად იქცა. კომპანია “ჰიუნდაი” ეხმარება ვეტერან კალათბურთელებს. 2009 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი სპონსორი. 2007 წლიდან აქვს ბავშვთა საკალათბურთო სკოლა. მიმდინარე სეზონში კი ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად შექმნილი “ა” ლიგის გენერალური სპონსორი გახდა.
გაბრიჩიძემ გიორგობიანი ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ამის შემდეგ გაბრიჩიძემ და გიორგობიანმა მასმედიისთვის განცხადება გააკეთეს.
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): დიდი მადლობა კომპანია „ჰიუნდაის“ აქტიური თანამშრომლობისთვის და ქართულ კალათბურთში ასეთი ჩართულობისთვის. ეროვნულ ნაკრებთან სასპონსორო ხელშეკრულება წლით გახანგრძლივდა და იმედია მაქვს მომავალში კიდევ გაგრძელდება. ქართულ კომპანიებს მოვუწოდებ ჩაერთონ ქართული სპორტის განვითარებაში, რადგან ეს არის ჩვენი ერის ჯანმრთელი მომავლის გარანტი.
დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორი): ქართული კალათბურთი წარმატებულია არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთაშორისო არენაზეც. ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. ჩართულნი ვართ როგორც ბავშვთა კალათბურთში, ასევე ვეტერან კალათბურთელებსაც ვუწევთ დახმარებას და წელს „ა“ლიგაში მონაწილე გუნდის “სეუ-ჰიუნდაის” გენერალური სპონსორებიც გავხდით. სიამოვნებით მივესალმებით „ა“ ლიგის შექმნის პრეცედენტს, რომელიც მართლაც უმნიშვენელოვანესია კალათბურთის განვითარებისთვის. რაც შეეხება ჩვენს 8-წლიან ურთიერთობას, ეს ფედერაციის სწორი მუშაობითაა განპირობებული. კმაყოფილნი ვართ ქართული კალათბურთის შედეგებით და გვიხარია რომ ჩვენც ამ პროცესის თანამონაწილეები ვართ.
roland labuCiZe
xatia jijeiSvilis foto







