ფეხბურთი

13:11 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი გოლით დაბრუნდა, ყენია დამარცხდა, “ტოსნოს” ქართველებს სასტარტოში აღარ ათამაშებენ

ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, სახლში “გაბალასთან” 1:2 წააგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ აგდამის “ყარაბაღს” კიდევ უფრო ჩამორჩა.

ბაქოელებმა პირველი გოლი მე-40 წუთზე გაუშვეს. ტრავმამოშუშებულმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელმაც წელს პირველად ითამაშა, ანგარიში 74-ე წუთზე გაათანაბრა. ძირითად დროს დამატებულ პირველ წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს და “ინტერი” უქულოდ დატოვეს.

ამისულაშვილის მსგავსად ბაჩანა ცხადაძემაც სრულად ითამაშა. კიდევ ერთი ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძე სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი ლომაია თადარიგში იმყოფებოდა.

“ინტერი” 43 ქულით 10 გუნდში მეორეა და პირველადგილოსან “ყარაბაღთან” 9 ქულას აგებს.

ბაქოს აზალ-მა, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის, შინ “ხაზარ-ლენქორანს” 3:1 აჯობა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 2 ტაიმი შეუცვლელად იასპარეზა. აზალ-ი 31 ქულით მეექვსეა.

“სიმურგმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, გასვლაზე “ბაქი” 3:0 დაამარცხა. ზაქათალელები 32 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.

პრაღის “სლავიამ”, სადაც ლევან ყენია გამოდის, ჩეხეთის სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, სტუმრად “პლზენთან” 0:1 წააგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. “სლავია” 24 ქულით 16 გუნდში მეათეა.

სავალალო სიტუაციაში მყოფმა კრეტას ოფი-მ საბერძნეთის სუპერლიგის 26-ე ტურში სახლში “პანთრაკიკოსთან” 0:1 წააგო. მეკარე გიორგი ლორიამ და შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა მასპინძლებში ორივე ტაიმი ითამაშეს. ლორიამ 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ოფი 13 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში ტიხვინის “ტოსნომ” ძერჟინსკის “ხიმიკი” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კვლავ სათადარიგო იყო. ფორვარდი ოთარ მარცვალაძე “ტოსნოში” 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ხოლო მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა. ცუდია, რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატებმა “ტოსნოს” სასტარტოში ადგილი დაკარგეს. ტიხვინელებში რუსეთის მოქალაქე მცველი გურამ თეთრაშვილი 2 ტაიმი გაისარჯა. “ხიმკიში” მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელსაც ასევე რუსული პასპორტი აქვს, მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 58-ე წუთზე გოლი გაიტანა.

“ტოსნო” 46 ქულით 18 გუნდში მეორეა. “ხიმიკი” 19 ქულით მეჩვიდმეტეა.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” სტუმრად “ტიუმენთან” 0:2 წააგო. მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა დამარცხებულებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი გოგიტა გოგუას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ფორვარდი ლაშა იმედაშვილი თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. მას რუსული პასპორტი აქვს.

“სახალინმა” თავის მოედანზე ასტრახანის “ვოლგარს” ვერ მოუგო – 2:2. ფორვარდი გიორგი კახელიშვილი თამაშში 86-ე წუთიდან ჩაერთო. შარშან სახალინელებში ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ირიცხებოდა, რომელიც წელს გუნდში აღარაა. “სახალინი” 20 ქულით მეთექვსმეტეა.

კალინინგრადის “ბალტიკამ” შინ სანკტ-პეტერბურგის “დინამო” 1:0 დაამარცხა. მეკარე გიორგი შელია მასპინძელთა თადარიგში იმყოფებოდა. “ბალტიკა” 24 ქულით მეთოთხმეტეა.

ტომსკის “ტომმა” სახლში სარატოვის “სოკოლს” 1:0 მოუგო. თავდამსხმელმა ანზორ სანაიამ ტომსკელებში 86-ე წუთიდან იასპარეზა. “ტომი” 45 ქულით მესამეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” თავის მოედანზე გაზოვიკის “ორენბურგთან” 0:1 წააგო. თავდამსხმელი მერაბ ურიდია ნიჟნინოვგოროდელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ვოლგა” 28 ქულით მეთერთმეტეა.

0.117938