კალათბურთი

18:15 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგა სუპერლიგისთვის ბრძოლას იწყებს

14 მარტს იწყება კალათბურთში “ა” ლიგის ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი გუნდი იასპარეზებს. აღნიშნულ თემას მიეძღვნა პრესკონფერენცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომელსაც “ა” ლიგის წევრი გუნდებისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2014-15 წლების სეზონი ისტორიულია ქართული კალათბურთის ისტორიაში. პროფესიულ დონეზე საქართველოში აქამდე მხოლოდ უმაღლესი ლიგა (2008 წლიდან სუპერლიგა) არსებობდა. მიმდინარე სეზონიდან კი საფუძველი ჩაეყარა სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგას, რომლის 2 საუკეთესო გუნდი, სეზონის ბოლოს, სუპერლიგაში მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, 2015-16 წლების სეზონისთვის 2 საგზურს გაითამაშებს.

“ა” ლიგაში მონაწილეობის სურვილი 20-მა გუნდმა გამოთქვა, რომელთაგან წესდების პროგრამა მინიმუმი 11-მა დააკმაყოფილა და შესარჩევ ტურნირში იქნენ დაშვებულნი. შესარჩევი ტურნირიდან 6-მა გუნდმა, “არენა 76”-მა, “კაქტუსმა”, თსუ-მ, “სეუ-ჰიუნდაიმ”, “წყალტუბომ” და გორის “დილამ” “ა” ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს, რომლებიც ერთ ჯგუფში იქნებიან თავმოყრილნი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1-2 ადგილზე გასული გუნდები სუპერლიგის ორი საგზურისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. 3-4 ადგილზე გასული გუნდები, სუპერლიგის მიღმა დარჩენილ 2 გუნდთან ერთად, 2015-16 წლების სეზონში “ა” ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო 5-6 ადგილზე გასული გუნდები კი “ა” ლიგის შესარჩევ ტურნირში გადაინაცვლებენ.

ასპარეზობა 2 წრედ ჩატარდება, შეხვედრებს თბილისის სპორტის სასახლე, საკალათბურთო აკადემია და სპორტკომპლექსი “არენა” უმასპინძლებს. რაც შეეხება “წყალტუბოს”, ეს გუნდი საშინაო მატჩებს ქალაქ წყალტუბოში საკუთარ დარბაზში ჩაატარებს.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის დირექტორი): “ქართული კალათბურთის ისტორიაში, “ა” ლიგის შექმნის სახით, ისტორიული მოვლენა მოხდა. ამ ყველაფერში ლომის წილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას მიუძღვის. აქვე მინდა დავამატო, რომ მომავალი სეზონიდან 6 ახალი საკალათბურთო დარბაზი გვექნება, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში ...”

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): “მიხარია, რომ შესარჩევი ტურნირი უაღრესად დაძაბული იყო და საუკეთესო ექვსეულში თამაშის უფლება რეგიონის ორმა წარმომადგენელმა მოიპოვა. “ა” ლიგის თითოეული გუნდი, დაფინანსების სახით 50 000 ლარს მიიღებს...”

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მთავარი მწვრთნელი): “დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას “ა” ლიგის ჩამოყალიბებისათვის. მომავალში, ის კალათბურთელები, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში ვერ მოხვდებიან, უსაქმოდ აღარ იქნებიან დარჩენილნი და სათამაშო კლასის ასამაღლებლად ძალიან კარგი შანსი ექნებათ...”

მათ გარდა სიტყვით გამოვიდნენ: არჩილ ჟღენტი (“კაქტუსი”), ლაშა თოიძე (“დილა”), ირაკლი ტომარაძე (“არენა 76”), გიორგი არუთინოვი (“წყალტუბო”), გიორგი მინდორაშვილი (“სეუ-ჰიუნდაი”) და მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებმაც “ა” ლიგის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს.

"ა" ლიგის პირველი ტურის მატჩებს რომელიც 14 მარტს ჩატარდება კალათბურთის აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.

"კაქტუსი" - თსუ (15:30)

"სეუ-ჰიუნდაი" - "წყალტუბო" (17:30)

"არენა 76" - "დილა" (19:30)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094429