ფეხბურთი

10:20 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ინტრიგები

წლევანდელი ევროპის ლიგის 1/8-ფინალში იტალიური კლუბები რეკორდული რაოდენობით გავიდნენ - ხუთი. მსგავსი რამ ტურნირის წინამორბედ უეფას თასზე მხოლოდ გერმანელებმა მოახერხეს. ხუთი იტალიური კლუბიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ოთხს აქვს, რადგან ერთი წყვილი ვინჩენცო მონტელას “ფიორენტინამ” და მისმა ყოფილმა გუნდმა “რომამ” შეადგინა.

მერვედფინალში ორ-ორი გუნდით არიან წარმოდგენილი უკრაინა, რუსეთი და ესპანეთი. ამ უკანასკნელისგან ერთ-ერთი გათამაშებას ამავე ეტაპზე გამოეთიშება, რადგან “ვილიარეალი” სწორედ თასის მოქმედ მფლობელ “სევილიას” ეთამაშება.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი რუსულ-იტალიურ წყვილებში. სანქტ პეტერბურგის “ზენიტი”, რომელმაც ტიტული 2008 წელს მოიგო და ამჟამად პორტუგალიელი ანდრე-ვილაშ ბოაში ავარჯიშებს, ვინც “პორტუსთან” ერთად ევროპის ლიგა 2010/2011 წლების სეზონში მოიგო, “ტორინოს” ეთამაშება. მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ექვს მატჩში, სანქტ პეტერბურგელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. “ტორინო” ევროთასებზე 2002 წლის შემდეგ პირველად თამაშობს და მაშინაც ინტერტოტოს გათამაშებაში მოსინჯა ძალა, ასე შორს კი, ბოლოს 1991/92 წლების სეზონში გავიდა. მაშინ ტურინელებმა ფინალშიც იასპარეზეს და იქ “აიაქსთან” საკუთარ მოედანზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდნენ (იმ დროს ფინალი ორი მატჩისგან შედგებოდა – “ტორინომ” შინ 2:2 შემდეგ, სტუმრად 0:0 ითამაშა).

უკრაინულმა “დნიპრომ” ევროთასების საშემოდგომო ეტაპი პირველად გადალახა. მისი მოთამაშეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - 142. მეორე მხრივ, “დნიპროს” ფეხბურთელებზე მეტოქეებიც ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან - 137-ჯერ. მისი მეტოქე “აიაქსი” ერთადერთია, რომელიც ამ ტურნირში ბრძოლას აგრძელებს და საკუთარი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. ამსტერდამელებს ევროთასების ფინალში 1996 წლის შემდეგ აღარ უთამაშიათ. მაშინ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსთან” დამარცხდნენ. ჰოლანდიელთა თავკაც ფრანკ დე ბურს “აიაქსის” ფეხბურთელის რანგში ორივე ტურნირი აქვს მოგებული.

გერმანული “ვოლფსბურგი” საკუთარი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია ევროპისლიგის 1/8-ფინალში. მას ევროთასებზე ჯამში 58 თამაში აქვს ჩატარებული, მის მეტოქე “ინტერს” კი - 387. აღსანიშნავია, რომ დიტერ ჰეკინგის შეგირდები ბუნდესლიგაში მიუნხენის “ბაიერნს” ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და მათი დაუფასებლობა ევროპის ლიგაზეც დაუშვებელია. “ინტერი” “იუვენტუსთან”, “სევილიასთან” და “ლივერპულთან” ერთად, ის გუნდია, რომელსაც ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული. უკანასკნელი გამარჯვება იტალიელებმა 1998 წელს მოიპოვეს. რობერტო მანჩინის შეგირდებს ჯგუფური ეტაპის დაწყების შემდეგ აღარ წაუგიათ (ოთხი მოგება და ოთხი ფრე) და ევროპის ლიგის სარეკორდოდ, მეოთხედ მოგებას გეგმავენ.

“ბრიუგე”, “ტორინოსა” და მოსკოვის “დინამოსთან” ერთად, ის გუნდია, რომელმაც ტურნირი მესამე შესარჩევი ეტაპიდან დაიწყო. ბელგიელები მიმდინარე ევროპის ლიგაზე აგერ უკვე 12 მატჩია არ დამარცხებულან (9 მოგება და 3 ფრე). ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული, “ბრიუგემ” რვა მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა. მაგრამ ახლა “ბრიუგეს” მეტოქე სლავენ ბილიჩის “ბეშიქთაშია”, რომელმაც 1/16-ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიით “ლივერპული” დაამარცხა.

ინგლისის “ევერტონის” ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ტურნირს შემორჩენილ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. მან 1/16-ფინალში “იანგ ბოიზთან” გამართულ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა! და მაინც, საერთო სიას რვა გოლით “ზალცბურგის” ექს-ფორვარდი ალანი ლიდერობს. ლივერპულელთა მეტოქე კიევის “დინამოა”, რომლის მთავარ მწვრთნელ სერგეი რებროვს, “ტოტენჰემში” თამაშის პერიოდში “ევერტონის” წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია. უკრაინელმა ინგლისში პირველი ორი გოლი სწორედ “ევერტონის” კარში გაიტანა (2000 წლის 5 სექტემბერს, 3:2). სხვა ორ მატჩში, რომლებიც ფრედ დასრულდა, რებროვს თავი არ გამოუჩენია.

“ვილიარეალის” მთავარ მწვრთნელ მარსელინოს სულაც არ გახარებია, ევროპის ლიგის მერვედფინალში ესპანური კლუბი რომ ერგო. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის თებერვალში ის “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სწორედ “ვილიარეალთან” 1:2 მარცხის შემდეგ დაითხოვეს და ახლა რევანშის შანსი ეძლევა. ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული “სევილია”, რომელსაც უეფას თასი 2005/06 და 2006/07 წლებში აქვს მოგებული, ტურნირის სარეკორდოდ, მეოთხედ მოგებაზე ოცნებობს. ანდალუზიელებს თანამემამულეებთან ევროთასებზე გამართულ ორრაუნდიან ჯახებში, ბოლო სამი დაპირისპირება მოგებული აქვთ და სამივეჯერ საბოლოოდ თასიც მოიპოვეს.

“ნაპოლის” უეფას თასი 1989 წელს აქვს მოგებული. მის მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს აქვს შანსი, რომ მესამედ მოიგოს ევროპის ლიგა (უეფას თასი) და ამ მაჩვენებლით ჯოვანი ტრაპატონის გაუტოლდეს. მოსკოვის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს “ნაპოლის” წინააღმდეგ 1990/91 წლების ჩემპიონთა თასის მერვედფინალში აქვს ნათამაშები. მაშინ ის მოსკოვის “სპარტაკის” ღირსებას იცავდა და გუნდს თერთმეტმეტრიანების სერიით შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მისმა “დინამომ” ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო.

“ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ “რომას” შესახებ აბსოლიტურად ყველაფერი იცის. ის დედაქალაქურ გუნდში 1997-იდან 2008 წლამდე თამაშობდა და “რომას” ბავშვთა გუნდსაც ავარჯიშებდა, ხოლო 2011 წელს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. “რომამ” ევროთასების ფინალში მარცხი ორჯერ განიცადა - 1984 წელს (ჩემპიონთა თასზე “ლივერპულთან”) და 1991 წელს (უეფას თასზე “ინტერთან”). რომაელებს ევროთასებზე 200-ზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული, მაგრამ უეფას ტურნირები არასდროს მოუგიათ.

ევროპის ლიგის 1/8-ფინალი. პირველი მატჩები

12 მარტი

ზენიტი (რუსეთი) - ტორინო (იტალია)

დნიპრო (უკრაინა) - აიაქსი (ჰოლანდია)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ინტერი (იტალია)

ბრიუგე (ბელგია) - ბეშიქთაში (თურქეთი)

ნაპოლი (იტალია) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი)

ევერტონი (ინგლისი) - დინამო (კიევი, უკრაინა)

ფიორენტინა (იტალია) - რომა (იტალია)

ვილიარეალი (ესპანეთი) - სევილია (ესპანეთი)

განმეორებითი მატჩები 19 მარტს გაიმართება

სტატისტიკა
0.290693