კალათბურთში საქართველოს თასის ნახევარფინალში, „ბათუმი“-„რუსთავის“ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, რომელსაც დღეს ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს, ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზებს.
შედარებით რთულ მდგომარეობაში „ბათუმი“ იმყოფება, რომელსაც სამი კალათბურთელი არ ეყოლება. ტრავმის გამო ცენტრალური თავდამსხმელი მამუკა ბოლქვაძე და მძიმე ფორვარდი ავთანდილ ელიაშვილი ვერ ითამაშებს. რაც შეეხება უკანახაზელ ბობი ჯინ იანგის, იგი დისკვალიფიცირებულია და პირველ შეხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ვერც მეორე შეხვედრაში იასპარეზებს. სათუოა მასპინძელთა კიდევ ერთი კალათბურთელის ფორვარდ ლევან რევაზაშვილის თამაში, რომელმაც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი ამოიბრუნა.
რაც შეეხება „რუსთავს“, ქვემოქართლელებს უკანახაზელი ტერენს ოგლზბი არ ეყოლებათ. იგი ფეხის ტრავმას იშუშებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას ქუთაისში ადგილობრივ „ქუთაისი-2010“-თან შეხვედრის დროს მიიღო.
„ბათუმი“-„რუსთავის“ დღევანდელი შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. აღნიშნული გუნდების მეორე მატჩი რუსთავში 13 მარტს გაიმართება.
მეოთხედფინალურ სერიაში „ბათუმმა“ „სოხუმს“ 2:0 მოუგო, ხოლო „რუსთავმა“ ანალოგიური ანგარიშით „მგზავრები-არმია“ დაამარცხა.







