ფეხბურთი

17:15 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასკურ-კატალონიური ფინალი კოპა დელ რეიზე

ესპანეთის თასის 2014/2015 წლების სეზონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. გუშინ გამართულ მატჩებში “ბილბაომ” და “ბარსელონამ” სტუმრად გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

ბილბაო

მიმდინარე სეზონს ბასკური კლუბი ძალიან უცნაურად ატარებს. ლა ლიგაში ვალვერდეს შეგირდები ძალინ არადამაჯერებლები არიან და ევროტურნირებსაც ნაადრევად გამოეთიშნენ, თუმცა ესპანეთის თასზე ყოჩაღობენ და შედეგიც სახეზეა. ბასკებმა კოპა დელ რეიზე “ალკოიანოს”, “სელტას”, “მალაგასა” და “ესპანიოლის” გამოგდგება მოახერხეს. ერთი შეხედვით, კლუბს რთული ბადე არ ჰქონია, თუმცა ლა ლიგაში სამივე კლუბი “ბილბაოზე” უკეთ გამოიყურება.

“კორნელია ელ პრატზე” გამართული მატჩის წინ ფავორიტად “ესპანიოლი” მიიჩნეოდა, რადგან პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 იყო დასრულებული. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა. ადურისმა და ეჩიტამ პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლების გატანა და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუპოვეს.

“ბილბაო” ესპანეთის თასის ფინალში 38-ედ ითამაშებს. საიდაც, ბასკებს 24-ჯერ აქვთ ტიტული მოგებული, ხოლო 13-ჯერ გადამწყვეტი შეხვედრა წაგებული აქვთ. “ლომებმა” ბოლოს ტიტული და აღნიშნული თასი შორეულ 1984 წელს მოიპოვეს. ბოლოს “ბილბაო” 2011/2012 წლების სეზონში იყო ესპანეთის თასის ფინალში, სადაც “ვისენტე კალდერონზე” “ბარსელონასთან” დამარცხდა (0:3). აღსანიშნავია, რომ “ბილბაოზე” მეტჯერ ესპანეთის თასი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს მოგებული.

ბედის ირონიით, სამი წლის შემდეგ ბასკები ფინალში კვლავ “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან და რევანშის აღებას ეცდებიან, რაც ურთულესი საქმეა. მიმდინარე სეზონში “ბილბაო” ორჯერ შეხვედრა კატალონიურ გრანდს და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

ფინალზე საუბარი მოასწრო “ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, რომელმაც განაცხადა, რომ ფავორიტი “ბარსელონაა”, თუმცა ფინალში ყველაფერია შესაძლებელი და მისი შეგირდები ყველანაირად ეცდებიან ნანატრი ტიტულის მოპოვებას.

ბარსელონა

“ბარსელონამ” ესპანეთის თასზე რთული გზა გაიარა და სრულიად დამსახურებულად გავიდა ფინალში. “ბლაუგრანამ” ქვედალიგელი “უესკას” განადგურების შემდეგ, “ელჩე” დაამარცხა, რასაც ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის მადრიდის “ატლეტიკოს” გაგდება მოჰყვა, ხოლო გუშინ კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ვილიარეალი” გამოთიშა გათამაშებას.

პირველი შეხვედრა “ბარსელონას” 3:1 ჰქონდა მოგებული და “ელ მადრიგალზე” გასამართი შეხვედრის წინ, რასაკვირველია ფავორიტად ითვლებოდა. სტუმართათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და ნეიმარმა მატჩის დებიუტშივე დააწინაურა “ბარსა”. გაშვებულ გოლს “ვილიარეალი” არ გაუტეხავს და მთელი ძალებით შეუტიეს მეტოქეს. რამდენიმე გაცუდებული ეპიზოდის შემდეგ ჯონათან დოს სანტოსმა მოახერხა გათანაბრება. მარსელინიო ტორალის გუნდმა მეორე ნახევარიც ძალიან კარგად დაიწყო და 65-ე წუთამდე აშკარად აღემატებოდა მეტოქეს, მაგრამ ტომას პინას გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ათკაციან “ვილიარეალს” კატალონიელებმა კიდევ ორჯერ გაუტანეს და ფინალის საგზური გაიფორმეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში “ბარსელონას” ძვირად დაუჯდა. ტომას პინასთან ორთაბრძოლისას დაშავდა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი და უახლოეს დღეებში ზუსტად გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს.

“ბარსელონა” კოპა დელ რეის ფინალში 37-ედ ითამაშებს. აქედან 26-ჯერ ტიტულის მოპოვება მოახერხეს, რაც საუკეთესო შედეგია აღნიშნულ ტურნირზე. 10 შემთხვევაში კატალონიელები ფინალში დამარცხდნენ. “ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში შარშანაც იყო გასული, თუმცა მადრიდის “რეალთან” დამარცხდა. ბოლოს “ბლაუგრანამ” ქვეყნის თასი 2011/2012 წლების სეზონში მოიგო, როდესაც “ბილბაო” 3:0 დაამარცხდა.

მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი “სევილიას” ფორვარდი იაგო ასპასია, რომელსაც 7 გოლი აქვს გატანილი. “ბარსელონას” რიგებში 6 გოლი ნეიმარის ანგარიშზეა და ბრაზილიელს შანსი აქვს, რომ ესპანეთის თასის საუკეთესო მეგოლე გახდეს.

გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს გაიმართება. ჯერ-ჯერობით არ გადაწყვეტილა თუ რომელ სტადიონზე შედგება ფინალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17183