კალათბურთი

21:46 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ლიდერობა განიმტკიცა

სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავში შედგა, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი “დინამო” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ “რუსთავს” სტუმრობდა, რომელიც ამჯამად მე-4 ადგილზე იმყოფება. როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ ქვემოქართლელები და რომელ ადგილზეც არ უნდა იმყოფებოდნენ, საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობენ და ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ეს პროგნოზი მხოლოდ პირველ მეოთხედში გამართლდა, რომელიც “რუსთავმა” 9 ქულის სხვაობით 30:21 მოიგო. მეორე მეოთხედში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა სტუმართა სასარგებლოდ. “დინამომ” ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები აღმოჩნდნენ მდევრის როლში 45:54. მესამე მეოთხედში “დინამომ” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხე დასკვნითი მეოთხედის წინ 73:50 დაწინაურდა.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ გადაწყდა სტუმართა სასარგებლოდ. დარჩენილ დროში “რუსთავმა” მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო, შეხვედრის საბოლოო ანგარიშია – 91:81 “დინამოს” სასარგებლოდ.

იმის შემდეგ, რაც მეორე ადგილზე მყოფი “შსს-აკადემია” ამ ტურში ბათუმში გასვლაზე დამარცხდა, ხოლო “დინამომ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და ახლა ძალოვნებს 2 ქულით უსწრებს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა “რუსთავისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა. 10 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი ცენტრალური თავდამსხმელი გარიკ შერმანი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და ორმაგი დუბლის შესრულებამდე 1 მოხსნა დააკლდა.

0.173866