11 აგვისტოს თბილისში “დინამო არენა” ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან. მოლოდინი დიდია და საინტერესოა თუ როგორ მიდის სტადიონზე მოსამზადებელი სამუშაოები. თბილისის “დინამოს” სტადიონის რეკონსტრუქცია უეფას სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს.
საორგანიზაციო საკითხებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ტექნოლოგიური განვითარების ფონდი” (უფროსი კახაბერ გვანცელაძე) ხელმძღვანელობს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში მონაწილეობენ ქართული კონტრაქტორი კომპანიები: “მიფასი”, “იუ ჯი თი”, “დაგი”, “ელ-ჯორჯია”.
სუპერთასისთვის თბილისის მერიამ უკვე გამოყო 13 მილიონი ლარი. “დინამო არენაზე” ყველაფერი უეფას მოთხოვნის მიხედვით შეიცვლება. სუპერთასისთვის ტურნიკეტებს დაამზადებს და დაამონტაჟებს იტალიური კომპანია "ზუკეტი" და მოედანზე შესვლა ელექტრონული ბილეთების საშუალებით მოხდება.
ამჟამად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, რომელსაც ქართული კომპანია “დაგი” ასრულებს. იტალიური კომპანია OMSI დაამზადებს და დაამონტაჟებს 50 000 პლასტმასის თეთრ და ლურჯ სკამს. საპატიო სტუმრებისთვის 5 000 სკამს ესპანური ფირმა DAPLAST დაამზადებს.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რამდენ ადგილს გამოყოფს ჟურნალისტებისთვის უეფა. სავარაუდოდ 150 ადგილი იქნება გათვლილი და ცალკე კომენტატორების ოთახებიც განისაზღვრება. შეიცვლება ინტერნეტი და უფრო მაღალსიჩქარიანი გახდება.
სტადიონზე სამხრეთის ტაბლო უცვლელი დარჩება, ჩრდილოეთის ტაბლოს კი იტალიური კომპანია COLISEO დაამზადებს და დაამონტაჟებს. ტაბლო ოვალური ფორმის იქნება, რაც სიახლეა. სტადიონზე გახმოვანების სისტემას “მიფასი” შეცვლის, რომელიც ამერიკულ ბრენდ One System-ს გამოიყენებს.
თბილისის სუპერთასის მატჩის გამართვის ორგანიზაციული საკითხების ზედამხედველობისთვის საქართველოში მოვლინებულია უეფას წარმომადგენელი დენის კისტენიოვი კურირებს. ქართული მხარე უკრაინელთან თანამშრომლობს და სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს.







