ფეხბურთი

17:56 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” და “ჩიხურა” პირველ რაუნდში დაზავდნენ

საქართველოში 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებით განახლდა. ერთ-ერთ მეოთხედფინალურ შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “მეტალურგი” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდა.

მატჩი მოსაწყენი საყურებელი გამოდგა და საბოლოოდ, გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი ნელ ტემპში წარიმართა და რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ. მე-16 წუთზე კონსტანტინე გაბაშვილი სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი “ჩიხურას” მცველს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა. პირველ ნახევარში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით თეიმურაზ ღონღაძის მიერ გატანილ გოლს, რომელიც ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

მეორე ტაიმიც პირველის ანალოგი გამოდგა. ვერც რუსთაველი და ვერც საჩხერელი ფეხბურთელები ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას ვერ ახერხებდნენ, რაც ალბათ, მძიმე სათამაშო პირობების დამსახურებაც იყო. თუმცა პირველ ტაიმთან შერდარებით მეორე 45 წუთში მომენტები უფრო მეტად შეიქმნა. 47-ე წუთზე “ჩიხურას” ახალწვეულმა უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი ტროიანოვსკიმ კარგად ითამაშა და მეკარე გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გამოცდილმა მეკარემ იმერელთა შემტევს დუელი მოუგო. ზუსტად 5 წუთში გატანა “მეტალურგსაც” შეეძლო. თორნიკე სტეფანიაშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა, მაქსიმე ქვილითაიამ კი ბურთი ლამაზ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ქვილითაიამ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან კიდევ ერთხელ მე-80 წუთზე იხსნა, როდესაც გიორგი ჯოხაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა კვლავ კუთხურზე მოიგერია და სიტუაცია განმუხტა. მატჩის მიწურულს კი სოსო ფრუიძის დამოძღვრილ გუნდს გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლო. ჯერ 88-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ ივარგა და არაზუსტად დაარტყა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ, მატჩის ყველაზე სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა. გიორგი კორიფაძე გამარჯვების გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი რუსთაველთა მცველმა ლუკა ნოზაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა. საბოლოოდ, შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელიც 9 მარტს საჩხერეში გაიმართება.

მატჩის შემდგომ დაგეგმილი პრესკონფერენცია კი გაუმართავი ელექტრო გაყვანილობის გამო არ ჩატარებულა.

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

18 თებერვალი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”

“მეტალურგი” (4-2-3-1): ბედიაშვილი; მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი; კილასონია (მაისურაძე 77), სარიშვილი; ჯოხაძე, სტეფანიაშვილი (გუჯაბიძე 74), გაბაშვილი (გოცაძე 53); ბარაბაძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

“ჩიხურა” (4-2-3-1): ქვილითაია; ღონღაძე, ლუბჩაკი, კაშია, ჩიკვაიძე; დობროლოვსკი, განუგრავა; მანჯგალაძე (ივანიშვილი 68), დეკანოიძე, კორიფაძე; ტროიანოვსკი (მუმლაძე 75)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: ნარიმანიძე (90) – ლუბჩაკი (79)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

0.127156