ფეხბურთი

16:16 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში შეხვედრამდე

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე “დინამოს” და “დილას” გულშემატკივრებმა იჩხუბეს. დაცვის სამსახურის, ასევე გორული კლუბის წარმომადგენლების დროული ჩარევის მერე, შეხლა-შემოხლას მასიური ხასიათი არ მიუღია. “დილას” ერთ-ერთი ქომაგი გაკვირვებული კითხულობდა – რატომ დამარტყესო? თან მიუთითებდა, რომ “დინამოს” ფანი მთვრალი იყო. ინციდენტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად “დილას” მესვეურებმა დამატებით პოლიციელებს უხმეს, რომლებიც იმ ტრიბუნასთან დადგნენ, სადაც “დინამოს” ფანები იყვნენ.

მიმდინარე სეზონში, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალამდე გუნდები ერთმანეთს შარშან შემოდგომაზე გორში ეროვნული ჩემპიონატში შეხვდნენ და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. თბილისის მსგავსად გორშიც ცუდი ამინდი იყო და “თენგიზ ბურჯანაძის” ტრიბუნები ბოლომდე არ გავსებულა, მაგრამ ქომაგები მაინც საკმაოდ მოვიდნენ.

“დილას” ტრავმების გამო ნახევარმცველი ირაკლი ძარია და ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი აკლდნენ, ხოლო უკანახაზელი სლავენ მარიჩის საბუთები ჯერ არ ჩამოსულა და “დილამ” სერბი განაცხადში ვერ შეიყვანა.

“დინამოს” ტრავმების გამო ნახევარმცველები გიორგი ჯანელიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი აკლდნენ.

მეტოქის კარისკენ პირველი ესპანელმა ლეგიონერმა ონვუმ დაარტყა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე გორელს შორის ბურთი მიიღო და მეტოქის კარისკენ გაგზავნა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილს პრობლემა არ შექმნია. “დილამ” ნიკა კვეკვესკირის შორეული საჯარიმო დარტყმით უპასუხა და სლოვაკმა ლიბორ ჰრდლიჩკამ საიმედოდ ითამაშა.

მე-14 წუთზე ირაკლი მოდებაძემ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მათე ცინცაძემ საუცხოო პასი მისცა შეტევაში მარჯვნიდან ჩართულ ოთარ კაკაბაძეს, რომელიც გორელ მცველს გასცდა და დაარტყა – მიგინეიშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ონვუმ თავით ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა.

ტაიმის შუაწელში ნიკა ჭანტურიამ თავის საჯარიმოსთან პასი რენე ფერეირას მისცა, რომელმაც ბურთი დაკარგა და მოდებაძის დარტყმული ჰრდლიჩკამ გაანეიტრალა.

34-ე წუთზე, საბა ლობჟანიძეს მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი დაეჭიმა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მის მაგივრად მოედანზე შემოსულმა ჭანტურიშვილმა ცაციათი სახიფათოდ დაარტყა და მიგინეიშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმის შუაწელში მიხაილ გორელიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ლაშა თოთაძე ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა და მის მიერ “ჭვინტით” დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს დავით ხურცილავამ ააცილა.

ერთ წუთში მარცხენა ფლანგზე ჯაბა ჯიღაურის წამოწყებული კომბინაცია ლაშა პარუნაშვილმა გააგრძელა, მასპინძელთა საჯარიმოში გიორგი ჩირგაძე მოძებნა, რომელსაც თავი არ აუწევია, თორემ კარიდან გამოსული მიგინეიშვილისთვის გატანაც შეეძლო.

78-ე წუთზე, კვეკვესკირმა კარგი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბურთმა გვერდით ძელს ახლო ჩაუარა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე “დინამომ” შეტევა მარჯვენა ფრთიდან წამოიწყო და ვაჟა ტაბატაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფი ვახტანგ ჭანტურიშვილი მოძებნა, რომელმაც ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

საპასუხო იერიშში თბილისელთა საჯარიმოში ირაკლი მოდებაძემ ასისტენტობა გორელიშვილს გაუწია, რომლის დარტყმული ბურთი ჰრდლიჩკამ უკუაგდო.

კახა გოგიჩაიშვილი: "დინამოსა" და "დილას" შორის თამაშები ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია. გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მთლიანობაში გუნდმა ნორმალურად ითამაშა და შედეგიც მისაღებია. ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა. სეზონის განახლებისას გუნდი ფორმაში რთულად შედის. ოპტიმალურ კონდიციაში მარტში ვიქნებით. "დინამოს" უკეთესად თამაში შეუძლია".

უჩა სოსიაშვილი: "პირველი ტაიმი რთული აღმოჩნდა. მეტოქეს მთელ მოედანზე უპირატესობა ჰქონდა და მომენტებიც შექმნა. რამდენიმეჯერ გადავრჩით. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე შევავიწროვეთ და თამაშის საშუალება არ მივეცით. მომენტებიც შევქმენით, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. იმედია, საპახუსო თამაში გორის "დილასთვის" სასიკეთოდ დასრულდება".

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:0

18 თებერვალი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე (კ), ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია (ერისთავი, 87), კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი, 83), გორელიშვილი, თექთურმანიძე (სეთურიძე, 46), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია (კ), რენე ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ბუკორაცი, პარუნაშვილი (ტაბატაძე, 76), ჯიღაური, საბა ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი, 36), მანუელ ონვუ (ჩირგაძე, 66).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.

გოლები:

გაფრთხილება: ჯიღაური (37), პარუნაშვილი (40), მოდებაძე (47), მიგინეიშვილი (65), თოთაძე (65), ბუკორაცი (77), ფალავანდიშვილი (82)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

0.15062