ფეხბურთი

18:19 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ თევზაძე: “ყიფიანმა თავისი თავი უფრო წინ დააყენა, ვიდრე ფეხბურთი”

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თამაზ თევზაძემ პრესკონფერენცია გამართა.

თევზაძემ 1 წლის წინ შექმნილი, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ ისაუბრა და მინისტრ ლევან ყიფიანს უმოქმედობაში დასდო ბრალი. მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო გეგმის რამდენიმე პუნქტი კანონს “სპორტის შესახებ”ეწინააღმდეგება.

თამაზ თევზაძე:“საქართველოს ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომიისიის მიერ შემუშავებული რამდენიმე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. “სპორტის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე”. შესაბამისად, ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად: პერსპექტიული ფეხბურთელების გადამზადების გეგმის შემუშავება, პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადების ღონისძიების დაგეგმვა, ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმის შემუშავება, ეს ის საკითხებია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვეტოს. ჩემთვის გაუგებარია ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმის განხორციელება სამთავრობო დონეზე, ეს ერთის მხრივ ტექნიკურად შეუძლებელია, მეორე მხრივ ფაქტობრივად წარმოადგენს ფეხბურთის ფედერაციის როლის იგნორირებას”.

თამაზ თევზაძემ საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისის წევრებზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, აღნიშნული კომისიის წევრებს: ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერმინისტრი და კომისიის თავმჯდომარე), კახა კალაძე, (ენერგეტიკის მინისტრი), გიორგი კვირიკაშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი), ნოდარ ხადური (საქართელოს ფინანსთა მინისტრი), ლევან ყიფიანი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი), აკაკი ლოდია (სპორტის მინისტრის მოადგილე), დომენტი სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), რევაზ არველაძე (ფეხბურთი ფედერაციის გენერალური მდივანი), ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი), მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცეპრეზიდენტი), რომან ფიფია (“დინამო”), ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საფეხბურთო კლუბი საბურთალო”), ილია კოკაია (საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”)

“ჩემი სუბიექტური აზრით, ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია დაუფიქრებლად და ნაჩქარევად ლევან ყიფიანის შეხედულებებისამებრაა დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. ღარიბაშვილი პრემიერად სულ რამდენიმე თვის დანიშნული იყო, როცა ეს კომისია შეიქმნა. დაუშვებლად მიმაჩნია ოლიმპიური კომიტეტის არჩართვა ფეხბურთის განვითარების საქმეში. ერთი წელი გავიდა ამ კომისიის შექმნიდან და სულ 3-ჯერ შეიკრიბნენ, არაფერი არ გადაუწყვეტიათ. ლევან ყიფიანმა თავისი თავი უფრო წინ დააყენა, ვიდრე ფეხბურთი”- განაცხადა თამაზ თევზაძემ.

თამაზ თევზაძე ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან იანვრის თვეში გათავისუფლა. გადაყენების ოფიციალური მიზეზად სამინისტროს რეორგანიზაცია დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111083