ფეხბურთი

1:56 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინის “ოქროს გოლი”

იტალიის თასზე ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და შესაბამისად მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ნეაპოლში, ერთმანეთს “ნაპოლი” და მილანის “ინტერი” შეხვდნენ.

შეხვედრა კარგი საყურებელი გამოდგა. პირველ ტაიმში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. მასპინძელთაგან გონსალო იგუაინსა და მარეკ ჰამშიკს გატანა ხუან პაბლო კარიცომ არ დაანება, ხოლო კალიდუ კულიბალიმ ახლო მანძილიდან კარის ჩარჩოს ვერ დაუმიზნა. თავის მხრივ, უსაქმოდ არც “ინტერი” ყოფილა. მაურო იკარდის შორეული დარტყმა კარის ძელს მოხვდა, ხოლო შერდან შაქირის მარიანო ანდუხარმა აჯობა. მეორე ნახევარში სახიფათო მომენტები მრავლად აღარ შექმნილა. ერთ ეპიზოდში ბრაზილიელ ერნანესს კარგი შანსი მიეცა, თუმცა სამხრეთამერიკელმა არაზუსტად დაარტყა. მატჩი თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როცა მსაჯის მიერ კომპესირებულ ბოლო, მე-4 წუთზე მასპინძელთა არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ანდრეა რანოკიას შეცდომით კარგად ისარგებლა და საკუთარ გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუტანა. “ნაპოლი” შემდეგ ეტაპზე რომის “ლაციოს” დაუპირისპირდება.

“ნაპოლი” – “ინტერი” 1:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; კულიბალი, ალბიოლი, ბრიტოსი, სტრინიჩი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი (მერტენსი 73), ჰამშიკი (გაბიადინი 75), დე გუზმანი (გულამი 84); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ინტერი” (4-2-3-1): კარიცო; სანტონი (დოდო 86), რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, მედელი; შაქირი, ერნანესი (გუარინი 74), პუშკაში; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლი: 1:0 იგუაინი (90)

გაფრთხილება: გარგანო (56) - შაქირი (22), ჟუან ჟესუსი (39), მედელი (56), პუშკაში (64), რანოკია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:6 გაფრთხილება: 1:5

მსაჯი: დავიდე მასა

სტატისტიკა
0.260147