ფეხბურთი

2:05 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” იტალიის თასიდან გავარდა

იტალიის თასზე მესამე ნახევარფინალისტი გაირკვა. დედაქალაქური “რომა” და ფლორენციის “ფიორენტინა” ერთმანეთს რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” დაუპირისპირდნენ.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუდი გარსიას დამოძღვრილი გუნდი კრიზისშია. სერია A-ში ზედიზედ ოთხი ფრის შემდგომ “რომა” იტალიის თასსაც დაემშვიდობა. პირველ ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მეორე 45 წუთი ვინჩენცო მონტელას გუნდმა იდეალურად ჩაატარა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა. დავიდ პიზარომ შესანიშნავი პასი გაუკეთა მანუელ პასკუალს, ვინაც საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, იქ კი მცველებს და მეკარეს ერთდროულად მარიო გომესმა დაასწრო. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი გერმანელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ასისტენტის როლში ამჯერადაც “იების” კაპიტანი პასკუალი მოგვევლინა. მარიო გომესმა ბოლო სამ შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა და აქედან სამი სწორედ “რომას” კარში. “ფიორენტინა” ნახევარფინალში ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

“რომა” – “ფიორენტინა” 0:2 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“რომა” (4-3-3): სკორუპსკი; მაიკონი (ვერდე 80), მანოლასი, ასტორი, კოული; ნაინგოლანი, კეიტა, პარედესი (პიანიჩი 58); ფლორენცი, ტოტი (იბარბო 73), ლიაიჩი

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა; ხოაკინი, ბადეი, პიზარო, ბორხა ვალერო (მატი ფერნანდესი 79), პასკუალი; დიამანტი (ილიჩიჩი 70), გომესი (ბაბაკარი 90)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 გომესი (65), 0:2 გომესი (88)

გაფრთხილება: ნაინგოლანი (47), ასტორი (84) - ბადეი (35), ბორხა ვალერო (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 2:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

0.12874