კალათბურთში საქართველოს ჩემპიონისა და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის “დინამოს” გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
ამის შესახებ მსოფლიო სპორტს” თავად გამყრელიძემ განუცხადა.
“ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ქორქია-საკანდელიძის მემორიალის დაწყებამდე წელის კუნთები დამეჭიმა. აღნიშნული ტრავმის მიუხედავად პირველ შეხვედრაში “მგზავრები-არმიას” წინააღმდეგ მაინც ვითამაშე და ტრავმა კიდევ უფრო გამირთულდა. ეს იყო მიზეზი, რომ დარჩენილ შეხვედრებში პარეკეტზე გასვლა ვერ შევძელი. ექიმები მაიმედებენ, რომ ვარჯიშს მომავალი კვირიდან გავაგრძელებ”- გვითხრა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე “დინამომ” ა ჯგუფში იასპარეზა, სადაც 4 ქულა დააგროვა და “ბათუმთან” და “მგზავრები არმიასთან” ერთად მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო. ფინალში თამაშის უფლება კი “შსს აკადემიამ” მოიპოვა.







