ფეხბურთი

9:52 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” შანსი ბაკამ შეუნარჩუნა

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ესპანიოლმა” ანდალუსიური “სევილია” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველივე სახიფათო მომენტი გატანილი გოლით დასრულდა, მე-18 წუთზე შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფელიპე კაისედომ, რომელსაც ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი დაუგროვდა, მშვენივრად დაამუშავა ბურთი და საჯარიმოს გარედან ცხრიანში გაუტანა რიკოს. პირველ ტაიმში გათანაბრება დენის სუარესს შეეძლო, მაგრამ მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ვიქტორ ალვარესს მეორე გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, “დალაქები” ნიკო პარეხამ იხსნა, რომელიც ბოლო მომენტში გადაეღობა დარტყმას. 74-ე წუთზე არიბასმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მანსანომ რიკოს კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც სერხიო გარსიამ შეასრულა უნაკლოდ. მეორე გაშვებულმა გოლმა სტუმრები ძალიან დააბნია და კინაღამ მესამეც გაუშვეს მაშინვე. სერხიო გარსიამ შესანიშნავი გადაცემით ერთი-ერთზე გაიყვანა სტუანი, რომელსაც რიკომ აჯობა, ხოლო დამატებაზე ვიქტორ სანჩესის დარტყმული ნიკო პარეხამ გამოიტანა ცარიელი კარიდან. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ლუკასს ვასკესს, მაგრამ რიკო კიდევ ერთხელ გაისარჯა კარგად, თუმცა 81-ე წუთზე ახალგაზრდა ესპანელს ვეღარ აჯობა. ლუკასმა სერხიო გარსიას მორიგი დიდებული გადაცემა გამოიყენა და მესამე გაუტანა “სევილიას”. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ სტუმრები და შეტევაზე გადავდნენ. ჯერ ვისენტე იბორა ემუქრებოდა თავურით პაუს კარს, ხოლო 91-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილ არეულობას კარლოს ბაკას გოლი მოჰყვა და “სევილიას” შემდეგ ეტაპზე თამაშის შანსი შეუნარჩუნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებულმა გოლმა “თუთიყუშებზე” დამთრგუნველად იმოქმედა და იმავე წუთს კინაღამ მეორე ბურთი გაუშვა, დენის სუარესი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა და “ესპანიოლმა” ორბურთიანი სხვაობით დამსახურებულად იმარჯვა – 3:1.

განმეორებითი შეხვედრა მომდევნო კვირას “სანჩეს პისხუანზე” შედგება. “სევილიას” წინ ძალიან რთული ამოცანა ელის, თუმცა არა შეუძლებელი...

და ბოლოს, შეუძლებელია გვერდი ჩავუაროთ შეხვედრის მე-16 და 21-ე წუთებს. ამ წუთებში არაფერი დასამახსოვრებელი არ მომხდარა სპორტული თვალსაზრისით, თუმცა ვიხილეთ გაცილებით შთამბეჭდავი და გულის ამაჩუყებელი სანახაობა. მე-16 წუთზე მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებით გაიხსენენა 2007 წელს მოედანზე გარდაცვლილი “სევილიას” ფეხბურთელი ანტონიო პუერტა... ზუსტად 4 წუთში იგივე ორივე კლუბის ქომაგმა გაიმეორა, ამჯერად პატივი “ესპანიოლის” კაპიტნის დანი ხარკეს ხსოვნას მიეგო. “ესპანიოლის” ქომაგები არ ივიწყებენ გარდაცვლილ კაპიტანს და “კორნელია ელ პრატზე” ჩატარებული ყველა შეხვედრის 21-ე წუთს მთელი სტადიონი ტაშით ეგებება... არის რაღაც, რაც ყველას აერთიანებს და ავიწყებს ყველანაირ სპორტულ ფაქტორს. გუშინ სწორედ ასეთი მაგალითის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ორივე გუნდის ქომაგობა ერთნაირად განიცდიდა და აფასებდა განსვენებულ ფეხბურთელებს... ისინი არასდროს დაივიწყებენ ანტონიო პუერტასა და დანი ხარკეს.

ესპანიოლი – სევილია 3:1 (1:0)


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, კოლოტო, ალვარო, არბილია, დუარტე, კანიასი (სევილია 78), ვ.სანჩესი, ვ.ალვარესი, ს.გარსია, მონტანესი (ლუკასი 68), კაისედო (სტუანი 61).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

სევილია (4-2-3-1): რიკო, არიბასი, პარეხა, ვიდალი, ფ.ნავარო, იბორა, კოკე, რეიესი (ბაკა 46), ვიტოლო (დეულოფეუ 62), დ.სუარესი, გამეირო (ასპასი 77).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 კაისედო (18), 2:0 ს.გარსია (74), 3:0 ლუკასი (81), 3:1 ბაკა (91).
გაფრთხილებები: მონტანესი, კაისედო, არბილია, ალვარო, ვ.სანჩესი, სტუანი, ს.გარსია – არიბასი, პარეხა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12(10)-9(2), კუთხური: 4-3, სეივი: 1-8

სტატისტიკა
0.318325