ფეხბურთი

16:45 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “სამტრედია” შეკრებას თურქეთში გაივლის”

“მსოფლიო სპორტი” უმაღლესი ლიგის ბინადარ, საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” სპორტულ დირექტორს, დავით მუჯირს გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა. მუჯირის თქმით, იმერული გუნდის მიზანი მეორე წრეშიც უცვლელია და “სამტრედია” ისევ ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს, პარალელურად კი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებასაც შეეცდება.

- როგორ მიმდინარეობს მზადება მეორე წრისთვის?

- ამჟამად გუნდი ემზადება თბილისში. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. სამწვრთნელო მომზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 25 იანვარს დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური მატჩი ბოლნისის “სიონთან”, ხოლო უკვე 28-ში გავემგზავრებით თურქეთში ორკვირიან შეკრებაზე.

- ხომ არაა ცნობილი თურქეთში სპარინგ მეტოქეების ვინაობა?

- 4 თებერვალს ამხანაგურად გავეჯიბრებით ტირასპოლის “შერიფს” თურქეთის დროით 17:00 საათზე, ხოლო სამი დღის შემდეგ უკვე 11:00 საათზე გროზნოს “ტერეკს” დავუპირისპირდებით.

- გუნდში მოსული ახალი ფეხბურთელების შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?

- უკვე დავიმატეთ მეკარე თევდორაძე, ასევე ჩვენთან ითამაშებენ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონიდან” შარიქაძე, კაპანაძე, თედო გრიგალაშვილი და თორნიკე გრიგალაშვილი. თუმცა გრიგალაშვილების საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.

- ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდი დატოვეს...

- “სამტრედიიდან” უკვე წავიდნენ მეკარე ბეგაშვილი და ლეონარდო რამოსი, რომელთაც იჯარა დაუმთავრდათ. აგრეთვე გორის “დილაში” გააგრძელებს კარიერას გიორგი მელქაძე, ხოლო “ზუგდიდში” ითამაშებს გიორგი პაჭკორია.

- კიდევ ხომ არ იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება?

- ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. როგორც მოგახსენეთ, გრიგალაშვილების საკითხი გადაწყვეტილი არაა, ყველაფერი ამის შემდგომ გაირკვევა.

- რა იქნება გუნდის მიზანი მეორე წრეში?

- “სამტრედიის” მიზანი უცვლელია. სეზონის დასაწყისშივე მიზნად ევროსაგზურის მოპოვება გვქონდა დასახული. ამავდროულად, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც ვართ გასულები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თასზე წარმატებულად ვითამაშოთ. 18 თებერვალს, სწორედ თასის გათამაშებით განახლდება სეზონი. თუმცა გუნდის უპირველესი მიზანი ევროტურნირების ზონაში მოხვედრაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114443