ფეხბურთი

16:45 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” რევანშის აღებას ეცდება

ესპანეთის თასის 1/4-ფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში კლუბები მეორედ შეხვედებიან ერთმანეთს. ლა ლიგაში 10 დღის წინ გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” შინ სძლია მადრიდულ კლუბს (3:1). დიეგო სიმეონეს შეგირდები, რომლებმაც ერთი გრანდი უკვე გამოთიშეს კოპა დელ რეის, დღეს რევანშის ასაღებად ყველაფერს გაიღებენ.

“ბარსელონას” მწვავე კრიტიკამ აშკარად არგო და კლუბი შესანიშნავად ათამაშდა. “ბლაუგრანამ” ბოლო 4 შეხვედრა მოიგო, 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. ლუის ენრიკეს შეგირდები 1/8 ფინალში ძალიან იოლად გაუსწორდნენ “ელჩეს” და ორ მატჩში 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. Marca-ს ცნობით, დღეს კლაუდიო ბრავოს დასვენების საშუალება მიეცემა და მის ნაცვლად კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს. ხერარდ პიკესა და ხორდი ალბას ნაცვლად, მარკ ბარტრა და ადრიანო ითამაშებენ, ხოლო ლუის სუარესს პედრო როდრიგესი შეცვლის. კატალონიელებს ტრავმების გამო ტომას ვერმაელენი, ჟერემი მატიე და დუგლასი არ ეყოლებათ. სამაგიეროდ, ელოდებიან ხავის დაბრუნებას, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო.

“ბარსელონასგან” განსხვავებით, “როხიბლანკომ” 1/8 ფინალში უძლიერესი მეტოქის გამოგდება მოახერხა. დიეგო სიმეონეს გუნდმა “რეალთან” შინ მოპოვებული დიდი უპირატესობა (2:0) არ გაანიავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. “ატლეტიკოსთვის” ყველაზე სასიხარულო ფერნანდო ტორესის გოლებია, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” დუბლი შეუსრულა მოსისხლე მტერს და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი გუნდის წარმატებაში. Marca დღევანდელი შეხვედრის ძირითადში სწორედ ტორესის მოხვედრას ელოდება, ხოლო მარიო მანძუკიჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდება. კარს ახალგაზრდა მეკარე იან ობლაკი დაიცავს, დაცვის ხაზში ის 4 მოთამაშე იდგება, რომელთაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშეს, ნახევარდაცვის ცენტრში გაბისა და მარიო სუარესის დუეტი იმოქმედებს, რომელთა წინ ანტუან გრიზმანი გაირჯება, ხოლო ფლანგებზე კოკე და რაულ გარსია იმოქმედებენ. მადრიდელებს ტრავმირებული კრისტიან ანსალდი არ ეყოლებათ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 40 წლის ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იქნება, რომელიც 2009 წლიდან უძღვება ლა ლიგის შეხვედრებს.

სავარაუდო შემადგენლობები (Marca-ს მიხედვით)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო, მონტოია, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, მ.სუარესი, გაბი, გრიზმანი, რ.გარსია, კოკე, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

აღნიშნული შეხვედრის გარდა, დღეს კიდევ ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება. “ვილიარეალი” შინ “ხეტაფეს” მიიღებს, ხოლო “მალაგა” “ბილბაოს”.

კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ შედგება. “სევილია” ბარსელონაში “ესპანიოლს” შეეტოქება.

Loading...
სტატისტიკა
0.313245