ფეხბურთი

4:54 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლსა და მანჩესტერში გატეხილი ნავსი, რონალდუს შეწყვეტილი სერია

იტალია

„იუვენტუსის“ გულშემატკივრების თითქმის 15-წლიან ლოდინს ბოლო მოეღო - ტურინელებმა ნეაპოლში გამარჯვების გემო გაიხსენეს. „ბებერ სინიორას“, სერია A-ში „ნაპოლისთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 2000 წლის სექტემბრის შემდეგ არ მოეგო. „იუვესთვის“ ეს უსიამოვნო ტრადიცია გასულ უქმეებზე, მიმდინარე გათამაშების მე-18 ტურში შეწყდა, როდესაც მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „სან პაოლოზე“ 3:1 იმარჯვა.

ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში ანგარიში პოლ პოგბამ გახსნა. მან, „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მე-5 მატჩში თავი მესამედ გამოიჩინა. ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს არცერთი სხვა გუნდის კარში ამდენი გოლი არ გაუტანია.

„ნაპოლი“ საყვარელი გუნდია მარტინ კასერესისთვისაც. ურუგვაელი ფეხბურთელი მოედანს 98-დღიანი შესვენების შემდეგ გოლით დაუბრუნდა. კასერესს წინა გოლი 2012 წლის ოქტომბერში, ასევე „ნაპოლის“ კარში ჰქონდა გატანილი. სულ კი, სერია A-ში, მას მეტოქეთა კარი 4-ჯერ აუღია.

ტურის მთავარი შეხვედრა რომში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქალაქის 2 გუნდი დაუპირისპირდა. „ლაციო“, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ფელიპე ანდერსონის კარგი თამაშის წყალობით, 2:0 დაწინაურდა. 21 წლის შემტევმა ჯერ მაურის გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ლაციოს“ ბოლო 7 გოლში აქტიურო მონაწილეობა მიიღო - მან 4-ჯერ გაიტანა, ხოლო 3-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება მაურის - მან, ბოლო 4 რომაულ დერბიში, მე-3 გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი „ლაციომ“ 2:0 მოიგო, რაც რომაულ დერბიში 1997 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 18 წლის წინათ, „ლაციომ“ საბოლოოდ 3:1 იმარჯვა, მაგრამ იმ დროისთვის, ფრანჩესკო ტოტის „არწივების“ კარში გოლების გატანა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. გასულ „ჯალოროსის“ კაპიტანმა, კვირას გამართულ შეხვედრაში, სხვაობა 48-ე წუთზე შეამცირა და სერია A-ში რომაული დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ დროისთვის, ტოტის აქტივში “ლაციოს“ კარში გატანილი 10 გოლი იყო. არ გასულა 20 წუთი, როდესაც ვეტერანმა ფეხბურთელმა „ლაციოს“ კარში მე-11 გოლიც გაიტანა და დერბის ისტორიაში (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) საუკეთესო ბომბარდირს, და კოსტას გაუთანაბრდა. ცნობისთვის, ტოტისთვის ეს მე-40 დერბი იყო, რაც ასევე რეკორდია.

კვლავ ვერ მოიგო „მილანმა“, რომელიც „ტორინოს“ სტუმრობდა. ამ გუნდებს, სერია A-ს ბოლო 10 ტურში, მხოლოდ 2-2 გამარჯვება ჰქონდათ და ამის გათვალისწინებით, ტურინში გამართულ შეხვედრაში ყველაზე ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა. ასეც მოხდა.

მე-3 წუთზე ანგარიში მენეზმა გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. „მილანმა“, 21-ე საუკუნეში, სერია A-ს მატჩში პენალტი ასე სწრაფად პირველად გაიტანა.

ტურინელებმა შეხვედრის მიწურულს გაათანაბრეს და ამისთვის კუთხური გამოიყენეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მილანის“ მიერ გაშვებული გოლების 38% კუთხურს მოჰყვა, რაც მიმდინარე გათამაშების ყველაზე მაღალი შედეგია.

„როსონერიმ“ კალენდარული წლის პირველი 2 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო. ასეთი რამ 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

„ფიორენტინა“ ევროსაგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ფლორენციელებმა, „პალერმოსთან“ გამართულ უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 მოიგეს. ანგარიში მანუელ პასკუალმა გახსნა. ფლორენციელთა კაპიტანი გუნდის ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი გაუტანია.

სიმონე ძაძას გოლებით ქულების აღებას განაგრძობს „სასუოლო“. ბოლო 5 თამაშში გუნდმა სულ 7 გოლი გაიტანა და აქედან ხუთი 23 წლის იტალიელი თავდამსხმელის ანგარიშზეა. ამ 5 მატჩიდან ძაძამ თავი 4-ში გამოიჩინა და მისმა გუნდმა არცერთხელ არ წააგო, მე-5 შეხვედრაში კი უქულოდ დარჩა. ამჯერად, ძაძას გოლმა „სასუოლოს“ ქულა „უდინეზესთან“ მოუტანა.

ინგლისი

თუ იტალიაში „იუვენტუსის“ წარუმატებელი სერია შეწყდა, ინგლისის პრემიერლიგაში „საუთჰემპტონმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ არსებულ ცუდ შედეგებს მოუღო ბოლო. „წმინდანებს“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად გამართულ ბოლო 19 თამაშში 3 ფრე და 16 წაგება ჰქონდათ. მათი ბოლო მოგება 1988 წლის 16 იანვრით თარიღდებოდა. გავიდა 27 წელი და „საუთჰემპტონმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ 3 ქულის აღება კვლავ მოახერხა.

მანჩესტერში გამართულ შეხვედრაში გუნდებმა ზუსტად დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. 69-ე წუთზე, დუშან ტადიჩმა სტუმრები დააწინაურა. „საუთჰემპტონს“, მიმდინარე გათამაშებაში, ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ქულები მხოლოდ ერთხელ ჰქოლნდა დაკარგული და ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ ყოფილა, რომ კუმანის შეგირდებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. ეს კი, მათთვის, ინგლისის ჩემპიონატში, მე-500 გამარჯვება იყო.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 2012 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდმა, მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. „ოლდ ტრაფორდზე“ კი ასეთი შემთხვევა 2009 წლის მაისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა „ჩელსიმ“. ლონდონელებმა, მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ კედლებში ჩატარებულ ათივე მატჩში 2 ან მეტი გოლი გაიტანეს. „ჩელსი“ 1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ეს მოახერხა. 20 წლის წინათ, იგივე შედეგი „ბლექბერნს“ ჰქონდა.

„ჩელსის“ მაისურით მორიგი გოლი გაიტანა დიეგო კოსტამ. ესპანელი „არისტოკრატების“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის პირველ 21 ტურში მეტოქეთა კარის 15-ჯერ აღება მოახერხა.

დიეგო კოსტამდე გოლი ოსკარმა გაიტანა და ლონდონელებმა ჩვეული ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს. გასული წლის 6 დეკემბრიდან მოყოლებული, „ჩელსიმ“ 7 შეხვედრიდან 4 მოიგო და ყველა მათგანი 2:0.

„ჩელსის“ 2 ქულით ჩამორჩა „მანჩესტერ სიტი“, რომელიც „ევერტონს“ დაუზავდა. „ქალაქელებმა“ ანგარიში ლივერპულში გამართული შეხვედრის 74-ე წუთზე გახსნეს. ეს ნიშნავს, რომ „ევერტონმა“ გოლი პრემიერლიგის ზედიზედ მე-11 თამაშში გაუშვა. თუმცა, მერსისაიდელებს ლეიტონ ბეინსი ჰყავთ. 30 წლის მარცხენა მცველმა, 78-ე წუთზე, ნეისმითს გაატანინა და ის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტი მცველი გახდა. ბეინსის ანგარიშზე 45 საგოლე გადაცემაა.

„არსენალი“, მიმდინარე გათამაშებაში, სტაბილურობით არ გამოირჩევა და არსენ ვენგერის გუნდის მიერ ქულები დაკარგვა გასაკვირი თითქმის არასდროსაა. თუმცა, როდესაც ლონდონს „სტოკი“ სტუმრობს, ყველაფერი გარკვეულია. „მეთოფეებს“, ამ გუნდთან გამართულ ბოლო 12 საშინაო შეხვედრაში 12 მოგება ჰქონდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ სტუმართა მთავარ მწვრთნელს, მარკ ჰიუზს, „არსენალის“ სტადიონზე პრემიერლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ქულაც არ ჰქონდა აღებული. ლონდონელებმა იოლად მოიგეს და ორივე ეს ტრადიცია გაგრძელდა.

თავი დუბლით გამოიჩინა ალექსის სანჩესმა, რომელიც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. გოლს+პასი სისტემით, ჩილელი თავდამსხმელის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 19 ქულაა.

მეტოქის მოედანზე კვლავ ძალიან ცუდად თამაშობს „ქუინს პარკ რეინჯერსი“, რომელმაც მე-10 გასვლითი თამაშიც წააგო. ინგლისის ჩემპიონატში 1964/65 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გუნდმა გათამაშება სტუმრად 10 თამაშის წაგებით დაიწყო. ქპრ-მ 50 წლის წინათ „სანდერლენდის“ მიერ დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა.

ქპრ-ს, სტუმრად გამართულ 10 თამაშში სულ 5 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან 4 ჩარლი ოსტინის ანგარიშზეა. სწორედ მან გაუტანა „ბარნლის“ ერთადერთი ბურთი.

„ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გამართული შეხვედრა „ბარნლისთვის“ ზედიზედ მე-7 იყო, რომელიც გუნდმა ერთი და იგივე 11 ფეხბურთელით დაიწყო. პრემიერლიგაში ასეთი რამ 2009/10 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. 5 წლის წინათ, „ბირმინგემმა“, ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით ზედიზედ 12 თამაში ჩაატარა.

ბოლო 7 მატჩში პირველად წააგო „ტოტენჰემმა“ და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ლონდონელები უქულოდ თერთმეტმეტრიანიდან გაშვებული გოლის გამო დარჩნენ. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „ტოტენჰემის“ კარში უკვე მე-6 პენალტი დაინიშნა. არცერთი სხვა გუნდის კარში 3-ზე მეტი თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამთ.

„კრისტალ პალასთან“ წაგება, „ტოტენჰემისთვის“, პრემიერლიგაში რიგით მე-300 იყო. ამაზე მეტი, 306 წაგება, მხოლოდ „ევერტონს“ აქვს.

ესპანეთი

მსოფლიოს აწ უკვე სამგზის საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ ესპანური ფეხბურთის მორიგ რეკორდს ვერ შესწვდა. მას გოლი ლა ლიგის ზედიზედ 17 საშინაო შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, რეკორდი კი ზედიზედ 18 მატჩში გატანაა. „რეალი“ „ესპანიოლს“ მასპინძლობდა და ერთი ზუსტი დარტყმის შემთხვევაში რონალდუ მარიანო მარტინის მიღწევას გაიმეორებდა, მაგრამ პორტუგალიელმა ეს ვერ მოახერხა და ბოლო 15 თვის განმავლობაში პირველად, ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში ვერ გაიტანა.

რონალდუმ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ხამეს როდრიგესს გაატანინა. ეს ნიშნავს, რომ მე-18 ტურის შემდეგ, ის პრიემრას როგორც საუკეთესო ბომბარდირი, ასევე საუკეთესო ასისტენტია. პორტუგალიელი ვარსკვლავის აქტივში 26 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

როგორც ჩანს, რონალდუს, წლის დასაწყისში გოლების ნაკლებობა ტრადიციად ექცა. „რეალის“ ბოლო 5 შეხვედრაში მან მეტოქის კარი მხოლოდ ერთხელ აიღო და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით, პორტუგალიელს ასეთი ცუდი მაჩვენებელი გასული წლის იანვარ-თებერვლის შემდეგ პირველად აქვს.

„რეალის“ მე-2 გოლი გარეთ ბეილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა. ეს, „რეალისთვის“, მიმდინარე სეზონში გატანილი პირველი ჯარიმა გამოდგა.

გარეთ ბეილმა, „რეალში“ გადასვლის შემდეგ, უკვე მე-3 ჯარიმა გაიტანა. დროის ამ მონაკვეთში ჯარიმიდან ამდენივე აქვს გატანილი რონალდუს, რომელიც სტანდარტებს უელსელ თანაგუნდელზე ხშირად ურტყამს.

აღსანიშნავია „რეალის“ მე-3 გოლიც. არბელოას გადაცემის შემდეგ თავი ნაჩომ გამოიჩინა და 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ გოლის როგორც ავტორი, ასევე ასისტენტი „რეალის“ სკოლის აღზრდილი იყო. მცველის პასით მცველმა გოლი კი 2011 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა.

„რეალის“ „ესპანიოლთან“ მოგება იმას ნიშნავს, რომ მადრიდულ გუნდს, პირველ 17 ტურში, ფრე არ აქვს ნათამაშები. ასეთი რამ 1939/40 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ბოლო 35 წლის განმავლობაში, „რეალი“ მე-3 გუნდია, რომელსაც მსგავსი შედეგი აქვს. მადრიდელთა გარდა უყაიმო 17 ტურის ჩატარება „ხიხონმა“ (2008/09) და „ხეტაფემ“ (2009/10) მოახერხეს.

„ბარსელონამ“ „ატლეტიკოსთან“ არსებული 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კატალონიურმა კლუბმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ნეიმარის, სუარესისა და მესის გოლებით დაამარცხა.

ანგარიში ნეიმარმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ეს უკვე მეხუთედ გააკეთა. „ბარსელონას“ არცერთ სხვა ფეხბურთელს ანგარიში 3-ზე მეტჯერ არ გაუხსნია.

სუარესის ჯერი 35-ე წუთზე დადგა, როდესაც მან მესის პასი გამოიყენა. არგენტინელი თავდამსხმელი ლა ლიგის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელსაც 100 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ის მხოლოდ ლუიშ ფიგუს ჩამორჩება.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, მესის მიერ წესების დარღვევის გამო, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არგენტინელის კარიერაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

მესიმ შეცდომა 87-ე წუთზე გამოასწორა და „ატლეტიკოს“ კარში თავისი 21-ე გოლი გაიტანა. „როხიბლანკო“, ამ მაჩვენებლით, არგენტინელის საყვარელ გუნდებს, „რეალსა“ და „სევილიას“ გაუთანაბრდა.

„ატლეტიკოსთან“ გამართულ შეხვედრაში მესის 12 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ ლუის ენრიკე წვრთნის, არგენტინელისთვის ეს საუკეთესო შედეგია.

„კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში გასაკვირი ერთი სტატისტიკური მონაცემი იყო. „ბარსელონა“ ევროპაში ყველაზე დაბალი გუნდია, ხოლო „ატლეტიკოს“ მე-2 სართულზე ძალიან კარგად მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, საჰაერო ორთაბრძოლებში „ბარსამ“ მაინც 14-12 იმარჯვა.

მორიგი თერთმეტმეტრიანი მოიგერია „ვალენსიას“ მეკარემ, დიეგო ალვესმა. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი კიპერი სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა (2007 წელი), მან უკვე მე-14 პენალტი აიღო. დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა მეკარეს 6 თერთმეტმეტრიანზე მეტი არ მოუგერიებია.

დიეგო ალვესის მიერ პენალტის აღების მიუხედავად, „ვალენსიამ“ „სელტასგან“ გოლი მაინც გაუშვა. ეს ნიშნავს, რომ ვიგოელებმა 726-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტეს.

ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდების მხსნელად ჩამოყალიბდა „ბილბაო“. ბასკურმა გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, ბოლოადგილოსანს მეორედ უმასპინძლა და ამჯერადაც წააგო. „კორდობას“ შემდეგ „სან მამესი“ 3 ქულით „ელჩემ“ დატოვა.

კვლავ კარლოს ველას იმედადაა „სოსიედადი“. მას შემდეგ, რაც სან სებასტიანელებს სათავეში დევიდ მოიესი ჩაუდგა, ბასკებმა 7 გოლი გაიტანეს და აქედან 5 მექსიკელი თავდამსხმელის ანგარიშზეა. ველამ, ამჯერად „გრანადას“ გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

საფრანგეთი

საკუთარ კედლებში შეუჩერებელი გუნდია „ლიონი“, რომელმაც „ჟერლანზე“ ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო, ასეთი რამ კი 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა. შედეგად, უბერ ფურნიეს გუნდი გათამაშებას სათავეში მოექცა.

„ლიონი“ კარგ ფორმას ახალგაზრდა თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის შედეგიანობას უნდა უმადლოდეს. 23 წლის შემტევმა, რომელმაც გასულ უქმეებზე თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ლიგა ერთის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 7 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაკაზეტს ძალიან ზუსტი დარტყმა აქვს. ბოლო 11 შემთხვევიდან, როდესაც მან ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში მოახვედრა, 8 გოლით დასრულდა.

ლაკაზეტს, 20 ტურის შემდეგ, უკვე 19 გოლი აქვს გატანილი, რაც „ლიონის“ შედეგიანობაზეც აისახა. ამ გუნდმა, ისტორიაში პირველად, 20 ტურში 43 ბურთის გატანა მოახერხა.

0.141826