ფეხბურთი

19:10 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეროზიამ “ზუგდიდი” დააკომპლექტა

საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” ყოველთვის ანგარიშგასაწევი გუნდი იყო, თუმცა ბოლო დროს ისევე, როგორც რეგიონების კლუბების უმეტესობას, ფინანსურმა პრობლემებმა თავისი გავლენა ამ კლუბზეც იქონია და დღეს გუნდი პირველი წრის დასრულების შემდეგ აუტსაიდერთა რიგებში იმყოფება.

“ზუგდიდმა” პირველი წრე მძიმედ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ნესტორ მუმლაძის სახით ახალი მწვრთნელი მოვიდა, ზუგდიდელთათვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვალა. საბოლოოდ კი კლუბში გამოცდილ მწვრთნელს, ბესიკ შეროზიას უხმეს. შეროზიასთვის “ზუგდიდი” უცხო გუნდი ნამდვილად არაა. შეროზიას მანამდეც უმუშავია მშობლიურ კლუბში და ზუგდიდელებმა სწორედ მას მიანდეს თავიანთი საყვარელი კლუბის ბედი.

შეიძლება ითქვას, ზუგდიდელების ნაბიჯმა გაამართლა. შეროზიამ პირველივე მატჩში მოიპოვა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა და სტუმრად ისეთი გუნდი დაამარცხა, რომლის ბიუჯეტი და საფეხბურთო პირობები ბევრად აღემატება მისი კლუბისას. სამტრედიელებმა კი მთავარ მწვრთნელს აუტსაიდერთან მარცხი არ აპატიეს და გუნდიდან დაითხოვეს.

მეორე წრისთვის “ზუგდიდი” სერიოზულად გაძლიერდა. მართალია, გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა: ვახტანგ კვარაცხელია, დავით ლომაია, ლევან ქურდაძე, ბაქარ მირცხულავა, გიორგი ჭაავა, ოთარ ჯავაშვილი, ირაკლი დევაძე, რევაზ თევდორაძე. ეს უკანასკნელი საფეხბურთო კლუბ “სამტრედიაში” გააგრძელებს კარიერას. თუმცა ზუგდიდურმა კლუბმა შევსებაც კარგი მიიღო და ეს ალბათ შედეგზეც აისახება. გუნდს დაემატნენ: მეკარე მინდია ბობღიაშვილი, დავით მეგრელიშვილი, ლევან კუტალია, ლუკა გუგუჩია, გოდერძი მაჩაიძე, გიორგი პაჭკორია, ავთო ენდელაძე და ირაკლი ქობალია. გარდა ამისა, ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს მეკარე მანუჩარ ივარდავა. გუნდში ისინჯებაAასევე უკრაინელი ლეგიონერი ანდრეი ბაბროვი.

დღეს ბესიკ შეროზიამ გუნდის ორმხრივი მატჩი გამართა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა გუნდები ყვითელ-მწვანე ფერებად დაჰყო და ერთმანეთს შეაჯიბრა. ანგარიში ახალწვეულმა ავთო ენდელაძემ გახსნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ასევე ახალწვეულმა ირაკლი ქობალიამ ითამაშა, რომელსაც დიდი ხანია ტრავმები აწუხებდა. ქობალიამ მოედანზე დაბრუნება ჰეთ-რიკით აღნიშნა.

მწვანეები: ივარდავა, მაჩაიძე, პაჭკორია, მეგრელიშვილი, კობერიძე, კუტალია, ნ. ქირია, წურწუმია, გუგუჩია, ბულია, ქობალია.

შეცვლაზე შევიდნენ: სამუშია, ლომია, ქომეთიანი.

ყვითლები: ბობღიაშვილი, რიგვავა, აკობია, ახალაია, დ. ქირია, გვაზავა, ენდელაძე, ფარჯიკია, ეხვაია, კუკავა, ბაბროვი.

შეცვლაზე შევიდნენ: ი. ქირია. დ. პაჭკორია. თუთბერიძე.

ბესიკ შეროზია: “ვარჯიში 21 დეკემბერს დავიწყეთ. გუნდი საკმაოდ გაძლიერდა და ახლა მთავარი სწორი მუშაობაა. იანვარში საქართველოში 4 სპარინგ-მატჩი გვაქვს დაგეგმილი. შემდეგ კი შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით, სავარაუდოდ 1-ელ თებერვალს იქ უნდა ვიყოთ. Kკარგია, რომ სიტუაცია ფინანსურადაც გაუმჯობესდა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად გვიწყობს ხელს და ჯერი ჩვენზეა. ურთულესი მეორე წრის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ გულშემატკივარს ვპირდები, რომ “ზუგდიდი” გადარჩება და ყველა მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11696