თბილისის მსოფლიო თასზე 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტებმა, დღეს, 81 და 90 კგ-ში გამარჯვებული თანამემამულეების მსგავსად, ოქროს მედლების მოპოვება ვერ მოახერხეს.
უბრძოლველად მოიპოვა 100 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედალი თბილისის მსოფლიო თასზე მოასპარეზე რუსმა ძიუდოისტმა, მაგომედ მაგომედოვმა.
დღეს გამართულ ფინალში მას ქართველი რევაზ ჩიკოიძე უნდა შებრძოლებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და ფინალში გამოსვლაზე უარი განაცხადა.
ამ წონაში, ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლებიც ქართველებს - დავით ლორიაშვილსა და ნოდარ მეტრეველს – დარჩათ.
+100 კგ-ის ფინალში კი, ადამ ოქრუაშვილი იპონით დაამარცხა იაპონელმა მაშარუ მომოსიმ.
ოქრუაშვილის ვერცხლამდე ბრინჯაო მოიპოვა ზვიად ხანჯალიაშვილმა, რომელმაც იაპონელ დაიკი კამიკავას სძლია.







