ჩოგბურთი

17:50 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup: საქართველომ ურუგვაი დაამარცხა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP Cup-ის B ჯგუფის მესამე მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

თავდაპირველად კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ფრანკო რონკადელი გავიდნენ. ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში ეჭვს არ იწვევდა და ძალიან ადვილად, 6:2, 6:1 იმარჯვა. საინტერესოა, რომ მეტრეველს მეტოქის ბარიერის დასაძლევად საათზე ნაკლები დრო დასჭირდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი რეიტინგში 678-ე ნომერია, ხოლო რონკადელს ნომერი არ გააჩნია.

მეორე დაპირისპირება გუნდის ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და პაბლო კუევასს შორის შედგა და გაცილებით დაძაბული გამოდგა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ პირველ სეტში კუევასი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და მოედანს ტოვებდა, მაგრამ ბასილაშვილმა გადააფიქრებინა და ურუგვაელმა თამაში გააგრძელა.

თამაში, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და 2:09 საათი გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით მოიგო - 6:4. სამაგიეროდ, მეორე სეტში უშანსოდ, 1:6 წააგო და საქმე გადამწყვეტ სეტზე მიდგა, სადაც გარდამტეხ მომენტში მეტოქეს ჩაწოდება მოუგო და შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4, 1:6, 6:4.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან და იაპონიასთან მარცხის შემდეგ ავსტრალიაში პირველი გამარჯვება იზეიმა და B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

0.121108