ფეხბურთი

18:02 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" საქართველოს ჩემპიონია!

„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია! ისტორიაში მეშვიდმეტედ და 2016 წლის შემდეგ პირველად. „სამტრედიას“, „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ პირველობების შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ოქროს მედლები დაიბრუნა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის ბოლო ტურში ფელის ვისენტეს გუნდმა დაქვეითებულ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. დასკვნითი 90 წუთის წინ ყველაფერი მარტივად იყო: „დინამო თბილისი“ საკუთარ თავზე გახლდათ დამოკიდებული, თუ მოიგებდა ჩემპიონი ხდებოდა, ხოლო „დინამო ბათუმს“ „ლოკომოტივი“ უნდა დაემარცხებინა და „ვიტ ჯორჯიას“ იმედად ყოფილიყო.

არც ერთი მოხდა და არც მეორე: „ლოკომოტივმა“ გია გეგუჩაძის გუნდი ირაკლი სიხარულიძის დუბლით დაამარცხა (2:1), ხოლო პარალელურად „დინამო თბილისმა“ თავისი საქმე პირნათლად შეასრულა, „ვიტ ჯორჯიას“ მარტივად, დამაჯერებლად აჯობა და გაჩემპიონდა.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ლევან კუტალიან ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს გიორგი ზარიას პასით არფან დაფემ ცარიელ კარში გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ სეზონი 75 ქულით პირველ პოზიციაზე დაასრულა და საბოლოო ჯამში მარათონულ ბრძოლაში 5 ქულით დაჯაბნა „დინამო ბათუმი“, რომელმაც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებიდან პირველივე სეზონში ვერხლის მედლები დაისაკუთრა.

მესამე პოზიციაზე „საბურთალო“ გავიდა 70 ქულით, რომელიც „დინამო ბათუმს“ ურთიერშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგის გამო ჩამორჩა, ხოლო მეოთხე ადგილი „ლოკომოტივის“ საკუთრებაა - 55 ქულა. სწორედ ეს ოთხი გუნდი ითამაშებს ზაფხულში ევროსარბიელზე. „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო „დინამო ბათუმი“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში „ვიტ ჯორჯია“ დაქვეითდა, საიდანაც თავის მხრივ თბილისის „მერანი“ დაწინაურდა.

საფეხბურთო სეზონი კი, საქართველოში ჯერ არ დასრულებულა. 8 დეკემბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ ტიტულისთვის შეერკინებიან. გარდა ამისა, წინაა პლეი-ოფის მატჩები, სხვადასხვა ლიგებში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-აუტში კი „თელავი“ – „რუსთავს“ და „სიონი“ – „სამტრედიას“ შეხვდება. დაპირისპირება ორრაუნდიანი და მატჩები 5 და 11 დეკემბერსაა ჩანიშნული. წყვილში გამარჯვებულები ბუნებრივია ახალი სეზონიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ.

„დინამო თბილისი“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კუტალია (36), 2:0 დაფე (87)

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (52), 1:1 ტეიდი (90), 2:1 სიხარულიძე (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111829