კალათბურთი

2:22 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში იფრინა: 31 ქულა, 6 სამქულიანი და MVP-ის ტიტული!

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, მაგრამ „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე თელ-ავივის „მაკაბისთან“ განადგურებას მაინც ვერ გადაურჩა.

სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და რა გასაკვირია, რომ საბოლოოდ, 30-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს - 113:83. „ბასკონიამ“ დაცვაში საშინლად ითამაშა, მაგრამ მისი ქართველი კაპიტანი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

თორნიკემ 36:09 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 9-დან 5ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო და 9-დან 6(!) სამქულიანი ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა.

შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (32) და დაგროვილი ქულებით (31) ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შესაბამისად, მატჩის MVP გახდა. ჩვენებურის დიდებულმა გარჯამ „ბასკონიას“ მაინც ვერ უშველა, რადგან ესპანელთა შემადგენლობაში კალათბურთს პრაქტიკულად ორი ადამიანი თამაშობდა - შენგელია და პატრისიო გარინო (24 ქულა, 6 მოხსნა).

„ბასკონიას“ 3 მოგების საპირწონედ 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში კი, 21 ნოემბერს, მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებენ.

0.114082