ფეხბურთი

18:47 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის სადებიუტო და ეფექტური გოლი რუსეთის პრემიერლიგაში (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა, ყაზანის „რუბინმა“ კი გამარჯვების გემო გაიხსენა.

რომან შარონოვის გუნდმა ბოლოადგილოსან „ტამბოვს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა. დავითაშვილმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში და 32-ე წუთზე მოხდენილი გოლიც გაიტანა.

ქართველმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, რამდენიმე მცველის გარემოცვაში დიდებულად გაისარჯა და მეკარე გიორგი შელიას შანსი არ დაუტოვა. ზურიკოსთვის ეს პრემიერლიგაში პირველი გოლი აღმოჩნდა (ცხრა შეხვედრაში). მოგეხსენებათ, დავითაშვილმა ტრავმა ერთი თვის წინ საქართველოსა და სამხრეთ კორეის ამხანაგურ მატჩში მიიღო და რუსული გუნდის ღირსება პრემიერლიგაში 31 აგვისტოს შემდეგ პირველად დაიცვა.

18 წლის ქართველი მოედანზე 73-ე წუთამდე იმყოფებოდა და შემდეგ ადგილი კიდევ ერთ ჩვენებურ ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. ვთქვათ ისიც, რომ „ტამბოვის“ რიგებში თავი რუსეთის მოქალაქემ, გიორგი მელქაძემ გამოიჩინა. ცნობისთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავითაშვილი დასახელდა.

„რუბინი“ 12 თამაშში 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე იმყოფება და სახიფათო ზონას ოდნავ მოსცილდა. ყაზანელებმა პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 4 წაგება) დაასრულეს.

0.14917