ფეხბურთი

0:29 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია - მიჯრით მეორე საგოლე პასი ბელგიაში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მერვე ტურში ლუკა ზარანდიას „ზულტე ვარეგემი“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტს“ დაუზავდა (2:2).

სტუმართა ქართველები განაცხადში არ ყოფილან. ჩაკვეტაძე კარგა ხანია ლაზარეთშია, ქვილითაია კი, იეს თორუპს მაინცდამაინც თვალში არ მოსდის.

„ვარეგემის“ რიგებში სამაგიეროდ მუდმივად სასტარტოშია ლუკა ზარანდია და ახლაც ასე იყო, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. სხვათა შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურში „ეუპენთანაც“ გაატანინა თანაგუნდელს (კიდევ უფრო იქამდე პენალტიც გამოიმუშავა).

შეხვედრის მე-12 წუთზე იბრაჰიმა სეკმა მოხდენილი გოლი გაიტანა ერთი შეხებით, გადაცემა კი მარცხენა ფლანგიდან ჩვენებურმა გაუკეთა. ლუკას 8 შეხვედრაში 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი, გოლს რაც შეეხება, ჯერ არ გაუტანია.

თავად შეხვედრაც საინტერესო გამოდგა, „ვარეგემი“ ორგზის იგებდა, მაგრამ „გენტმა“ ორჯერვე გაათანაბრა და სახლში უქულოდ არ დაბრუნებულა.

8 ტურის თავზე „გენტს“ 14 ქულით მეხუთე ადგილი უკავია, ხოლო „ვარეგემს“ ორი ქულით ნაკლები აქვს და მერვეა.

0.13121