ჭიდაობა

13:32 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ლომთაძე ნახევარფინალშია

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნახევარფინალისტი ჰყავს - ბექა ლომთაძე (61 კგ). ყველაზე წარმატებულად შეჯიბრის მესამე დღეს სწორედ მან იასპარეზა და ოთხი მონაწილიდან ერთადერთი ქართველია, რომელიც ბრძოლას აგრძელებს.

61 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუს აშკარა უპირატესობით 10:0 აჯობა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ტაილერ გრაფთან ბრძოლაში 3:1 იმარჯვა. ლომთაძე მატჩის დასრულებამდე წუთითა და 20 წამით ადრე 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში გამარჯვების ქულები მოიპოვა. ნახევარფინალში ჩვენებური ინდოელ რაულ ბალასაჰებ ავარეს დაეჭიდება.

97 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ელიზბარ ოდიკაძეს. ქართველი ფალავანი თავიდან ირანელ ალი ხალილი შაბანიბენგარს გაუმკლავდა (11:8), მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 0:6 წააგო და ახლა რეპეშაჟის იმედად მოუწევს ყოფნა, თუ მისი მძლეველი ფინალში გასვლას შეძლებს.

79 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას გამოეთიშა ნიკა კენჭაძე, რომელმაც პირველივე დაპირისპირება წააგო სომეხ გრიგორ გრიგორიანთან - 6:7. კენჭაძემ ჩინებულად დაიწყო და 6:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თავისივე ილეთს წამოეგო და წმინდად დამარცხდა. ნიკას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგული აქვს, რადგან სომეხმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა თავდაპირველად ბერძენ გეორგიოს სავოლიდისს ადვილად 9:0 კი აჯობა, მაგრამ 1/16 ფინალში უზბეკ ჯავრალ შაფიევთან თავად დამარცხდა (3:6) და ასპარეზობას დაასრულა, რადგან უზბეკი მერვედფინალში ვერაფერს გახდა და სანდრომ რეპეშაჟში გადანაცვლების შანსიც დაკარგა.

ვთქვათ ისიც, რომ დღეს საქართველოს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. ზურაბ იაკობიშვილმა რეპეშაჟის წრე წარმატებით დაძლია და ბრინჯაოს მედლისთვის პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგოდმურად გაჯიევს შეხვდება, ხოლო ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითური (92 კგ), რომლის მეტოქე ყაზახი ნურგალი ნურგაიპული იქნება. ფინალური ბლოკი 15:30 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114785