ძიუდო

19:50 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების დღე ვანტააში

ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ტატომ ფინალში ქართველი ვლადიმერ ახალკაცი დაამარცხა.

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს. გოგონებში 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მარიამმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, მერვედფინალში ანა-ლენა შუხტერი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში - იტალიელი მარტინა ესპოსიტო. ნახევარფინალური ორთაბრძოლა ჭანტურიამ ბრიტანელ კელი პიტერსენ პოლარდთან წააგო, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ჰოლანდიელი სილია კოკი დაამარცხა.

81 კგ წონით კატეგორია კი ქართველთა უპირატესობით წარიმართა და ფინალში ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაუპირისპირდნენ. ტატომ ფინალამდე დმიტრო პოლიპენკო (უკრაინა), ვუკ ელეზი (ბოსნია-ჰერცოგოვინა) და ალექსეის ზარუდნევსი (ლატვია) დაამარცხა. ახალკაცმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და სიმონ გაუტშის (შვეიცარია) მოუგო. მეორე წრეში ქართველმა თურქ მუჰამედ კოჯს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში - რუს ნოვრუზ ნოვრუზოვს. ნახევარფინალში ახალკაცმა სლოვაკ ალექს ბარტოს სძლია. ფინალურ დაპირისპირებაში ახალკაცმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შეხვედრა ოქროს ქულაში გადავიდა, სადაც ტატომ შედეგიანი გდება შეასრულა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე წელს ტატომ მეექვსე ტურნირზე იასპარეზა და ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა. ივლისში გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრანპრის გამარჯვებული გახდა. გასულ წელს ტატო ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა.

ხვალ, 14 სექტემბერს ვანტააში ტატამზე სალომე მაყაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ (ორივე +78კგ), ბიჭებს შორის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე იასპარეზებს, ხოლო +100კგ-ში - გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი.

0.14342