ფეხბურთი

22:46 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "საქართველოში ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ალბათ ეს საუკეთესო შედეგი იყო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან (0:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ეს იყო მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში საუკეთესო შედეგი.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, გამარჯვება კარგია და ყველას სურს, მაგრამ გასათვალისწინებელია მეტოქის ხარისხი და დონეც. ამიტომ, დანიასთან ფრით კმაყოფილი დარჩა.

„ჩემი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ალბათ ეს საუკეთესო შედეგი იყო და აღემატებოდა ესპანეთთან გამარჯვებასაც. ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმების შემდეგ პირველად ითამაშა, მაგალითად ანანიძემ, ოქრიაშვილმა. დაცვაში ძალიან კარგად ვიდექით და ქულა დავიმსახურეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ დანია ძალიან ძლიერია, რომლის ფიფას რეიტინგში საუკეთესო ათეულშია და ისეთი ვარსკვლავი ჰყავს, როგორიც კრისტიან ერიკსენი. მადლობა ფეხბურთელებს, მადლობა გულშემატკივრებს.

ზოგადად ემოციური ადამიანი და ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილიცაა. მსაჯობაზე არაფერს ვიტყვი, ვფიქრობ, პენალტი არ იყო და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა ჩვენს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება ყვითელ ბარათს, უცნაური გრძნობა იყო, რადგან 20-წლიან კარიერაში პირველად მივიღე.

ნახევარდაცვაში იძულებული ვიყავი ცვლილებები გამეკეთებინა და ორივეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიტეიშვილმა ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და ბევრი შავი სამუშაო შეასრულა. თუ ასე გააგრძელებს პროგრესს, სულ მალე ავსტრიის ჩემპიონატისთვის გადაზრდილი ფეხბურთელი იქნება. რაც შეეხება აბურჯანიას, ბოლო ორი წლის განმავლობაში მას პრობლემები ჰქონდა, რადგან არ ჰქონია სათამაშო პრაქტიკა „სევილიაში“, ახლა კი ვითარება შეიცვალა და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება კვარაცხელიას ცვლილებას, ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს თამაშის სურათიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შევცვალე.

გრიგალავამ მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, ბოლო რამდენიმე წელი მისთვის რთული იყო, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში ახლა რეგულარულად თამაშობს, კარგი ფეხბურთელია, ცაციაა და ვფიქრობ, მისი იმედი მომავალშიც უნდა გვქონდეს. რაც შეეხება დაგვიანებულ ცვლილელებს, თუ ყველაფერი კარგად მიდის შეიძლება, რომ ცვლილებებზე უარი თქვა.

გასაგებია, რომ ყველა გულშემატკივარს სურს გამარჯვება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ მეტოქეები და მათი მოთამაშეების ხარისხი და შემადგენლობა. კიაერი, ერიკსენი, კრისტენსენი, შმეიხელი, ყველამ იცით როგორ გუნდებში თამაშობენ. ამიტომ, გამარჯვება ყველას გვინდა, მაგრამ ზოგჯერ უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის ძალაც.

რაც შეეხებ ვაკო გვილიას, ის ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ კონკრეტულად ამ თამაშითვის ტაქტიკიდან გამომდინარე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება ეს მასაც ვაცნობე. შემადგენლობას სწორედ მეტოქის სტილიდან გამომდინარე ვარჩევთ. ვაკო ნამდვილი პროფესიონალია და ამას გაგებით მოეკიდა და მზად იყო ნებისმიერ მომენტში ჩართულიყო თამაშში. მიმაჩნია, რომ გვილია უფრო 8 ნომრის პოზიცის ფეხბურთელია, ვიდრე 6 ნომრის. რაც შეეხება კვეკვესკირის დაბრუნებას, ჩვენნაირი გუნდებისთვის კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მის პოზიციაზე კიტეიშვილმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, თბილისში ირლანდიასთან გამართავს.

0.160659