ფეხბურთი

3:25 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - დანია: მატჩამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მეხუთე შეხვედრას დღეს, თბილისში, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებს.

წინა ოთხი მატჩიდან „ჯვაროსნებისთვის“ მაინც და მაინც, მოსაწონი არაფერი მომხდარა და ბუნებრივია, გიბრალტართან საშინაო გამარჯვება დიდ ნუგეშად ვერ ჩაითვლება. უშუალოდ დანიასთან კი სამიოდ თვის წინ კოპენჰაგენში მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ - 1:5.

დანია მეტად სოლიდური გუნდია, რომელიც თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა. ლოგიკურიცაა, სკანდინავიელები ფინალურ ეტაპზე მოხვედრას უმიზნებენ და ქულების განიავების უფლება ჯგუფში არსებული ვითარებიდან გამომდინარე პრაქტიკულად აღარ აქვთ.

დანია თბილისს მეორედ ესტუმრა. პირველად ეს 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა და მაშინ ალენ ჟირესის გუნდმა არაფერი დაუთმო გამოცდილ მეტოქეს - 2:2. სწორედ ეს თამაში გაიხსენა იონ დალ ტომასონმა, რომელიც მაშინ დანიელთა ბომბარდირი იყო, ახლა კი მთავარი მწვრთნელის, ოგე ჰარეიდეს ასისტენტია, თუმცა ვინაიდან ნორვეგიელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო თბილისს არ სტუმრობს, სწორედ ტომასონი შეასრულებს მის მოვალეობას.

იონ დალმა ის თამაში დადებითად გაიხსენა და აღნიშნა, რომ კარგად ახსენდება, რადგან დუბლი შეასრულა. თუმცა, მაშინ დანიისთვის მთლად კარგი შედეგი არ დაფიქსირებულა და ისტორია რომ გამეორდეს, არგვგონია ტომასონს ისევ კარგად გაახსენდეს თბილისური ფრე, ოღონდ ხელმეორედ. ცხადია, ეს მოედანზე გამოჩნდება, ვინ როგორ გაიხსენებს სამომავლოდ დღევანდელ დაპირისპირებას.

სკანდინავიელებმა სამი დღის წინ გიბრალტარში ივარჯიშეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და ექვსი უპასუხო გოლი გაიტანეს. საქართველომ კი იმავე დღეს სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ნაყოფიერი სპარინგი ჩაატარა - 2:2. მართალია, შესაძლოა გაგვახსენდეს თამაშგარე მდგომარეობები (ოთხიდან სამი გოლი), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაისის გუნდს სხვა საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდა და ნამდვილად შეეძლო, რომ სონი და კომპანია დაემარცხებინა. სლოვაკმა ამ შეხვედრაში ახალი სახეებიც გამოსცადა, ზოგიერთები კი ახალ პოზიციებზე მოსინჯა. მოკლედ, მართლაც სასარგებლოდ და ნაყოფიერი სპარინგი გამოდგა.

საქართველოს ნაკრები და სასტარტო თერთმეტეული

კარს ალბათ გიორგი ლორია დაიცავს, რომელსაც სამი დღის წინანდელ სპარინგში არ უთამაშია, მაგრამ ვიცით, რომ ვაისი მას ენდობა. დაცვას რაც შეეხება, უნდა ვივარაუდოთ ცვლილებები. მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე გაირჯება, გურამ კაშიას კი ალბათ ამჯერზე გია გრიგალავა შეუწყვლდება არსებული დანაკლისიდან გამომდინარე. სამხრეთ კორეასთან ცენტრში ჯიმი ტაბიძემ ითამაშა, მაგრამ ახლა მას უფრო მარცხენა მცველად უნდა ველოდოთ, ხოლო ლევან ხარაბაძეს სათადარიგო სკამზე. ალბათ ეს გადაწყვეტილება იმ ლოგიკას დაექვემდებარება, რომ ტაბიძე მეორე სართულზე, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო ძლიერია, ვიდრე ხარაბაძე - დანიელთა კოზირიც კი ხსენებული კომპონენტებია.

ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში ბუბა დაუშვილის გამოჩენა გასაკვირი არ იქნება. ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც გადაკვრით თქვა ამის შესახებ. დაუშვილი კანკავას სტილის მოთამაშეა და ალბათ სლოვაკმა სწორედ ჯაბას დისკვალიფიკაციის გამო უხმო პირველ რიგში. ვინ იქნება მისი მეწყვილე? ნიკა კვეკვესკირი დაშავებულია, აზიელებთან ამ პოზიციაზე ვაისმა კიტეიშვილი გამოსცადა და სწორედ ის იქნება ფავორიტი. თუმცა, არც გიორგი აბურჯანიას მივიწყება ივარგებს. საყრდენად თამაში ვაკო გვილიასაც შეუძლია.

ფორვარდს უკაბ სამი შემტევი ფეხბურთელიდან ერთი პოზიცია ვაკო ყაზაიშვილის იქნება, მეორე ვაკო გვილიას, ხოლო მესამე სავარაუდოდ, ჯანო ანანიძის. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე კი გიორგი ქვილითაია ამჯერად უალტერნატივოა.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; დაუშვილი, კიტეიშვილი; ანანიძე, გვილია, ყაზაიშვილი; ქვილითაია

კვლავ სავსე ლაზარეთი

ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ვლადიმირ ვაისს სამი ცენტრალური მცველი ტრავმის გამო დააკლდება - სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი. აგრეთვე ტრავმები აქვთ ნიკა კვეკვესკირსა და ზურიკო დავითაშვილს, რომელსაც კორეელებთან დებიუტი ჰქონდა და სწორედ ამ თამაშში დაშავდა, კაპიტანი ჯაბა კანკავა კი დისკვალიფიცირებულია. მოკლედ, სლოვაკს შემადგენლობის მხრივ საფიქრალი ნამდვილად არ აკლია.

ურთიერთშეხვედრები

დანიასთან საქართველოს საკმაოდ ცუდი მოგონებები აკავშირებს - 4 მატჩი და ერთადერთი ფრე. ეს პირველ დუელში 2004 წლის 17 ნოემბერს (2:2), ხოლო შემდეგ 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიამ 6:1 იმარჯვა. მომდევნო მატჩი 2013 წელს ამხანაგურად შედგა და ამჯერად ბრძოლაც გაიმართა - 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ. აი, ბოლო დაპირისპირება კი 10 ივნისით თარიღდება და დანიელებმა 5:1 იმარჯვეს. საბა ლობჟანიძემ კასპერ დოლბერგის გოლი იდეალური კონტრშეტევით კი გაქვითა, მაგრამ ეს კოპენჰაგენური საღამოდან „ჯვაროსნების“ ერთადერთი ნათელი მოგონება გახლავთ.

დღეს კი, საქართველოს ნაკრები ეცდება მეტოქესთან რევანში აიღოს, ყოველშემთხვევაში ადვილად გასეირნების შესაძლებლობა მაინც არ მისცეს. ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება დანიელთა წინააღმდეგ მიჯრით სამმატჩიანი წაგებების სერიის შეწყვეტა და იმავდროულად, თბილისში წაუგებელი თამაშის გაგრძელება (კონკრეტულად დანიასთან).

ვთქვათ ისიც, რომ მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი.

0.118857