ფეხბურთი

14:59 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო MLS-ში: ამჯერად საგოლე პასი (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის მორიგ ტურში „სან ხოსემ“ „ორლანდოს“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 3:0 აჯობა. მატიას ალმეიდამ ორივე ქართველი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო 81-ე წუთამდე იყო მოედანზე. ყაზაიშვილმა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მე-20 წუთზე კრის ვონდოლოვსკი დროული და იდეალური გადაცემის შედეგად მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელმაც თავის მხრივ შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ქართველ შემტევს MLS-ის მიმდინარე სეზონში 26 ჩატარებულ მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. ბარემ ვთქვათ, რომ ყაზაიშვილი და კაშია ხვალ სტამბოლში საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან.

„სან ხოსეს“ 28 თამაშში 44 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. თუმცა, ლიდერ „ლოს ანჯელესს“ 18(!) ქულით ჩამორჩება, ხოლო იმავე კონფერენციაში მერვე ადგილზე „პორტლენდს“ ოდენ 4 ქულით უსწრეს. მოკლედ, მეორე-მერვე პოზიციებს შორის დიდი სიმჭიდროვეა.

0.114702